საქართველოში ყოველი მეხუთე ვიზიტორი რუსეთიდან არის. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ჩანს. კერძოდ, წელს სამი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 6.1 მლნ შეადგინა, აქედან 1 245 744 ვიზიტი რუსეთიდან იყო.
აღნიშნული მაჩვენებლით, რუსეთი ვიზიტების რაოდენობით პირველ ადგილზეა, რომელზეც მთლიანი ვიზიტების 20,4% მოდის.
ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, წელს საანგარიშო პერიოდში, გასული წლის სამ კვარტალთან შედარებით, რუსეთიდან ვიზიტები 12.1%-ით არის გაზრდილი. შარშან იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან 1 111 004 ვიზიტი განხორციელდა.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოში 2025 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან ისტორიულ მაქსიმუმს 4.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია, საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 6.1 მილიონს.
ამასთან, საერთაშორისო მოგზაური – 2024 წელთან შედარებით გაიზარდა 5.4%-ით, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა კი – 7.9%-ით.
წელს საანგარიშო პერიოდში, ვიზიტების რაოდენობით რუსეთის შემდეგ მოდის თურქეთი – 963 633 ვიზიტით და სომხეთი – 720 114 ვიზიტით.
bpn.ge
