წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე, მონაკოში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ევროპისა და ცენტრალური აზიის ლიდერთა შეხვედრას მართავს

დღეს მონაკო გლობალური ჰუმანიტარული გამოწვევების განხილვის ცენტრია. დასავლეთ ევროპის უმდიდრესი ქალაქი-სახელმწიფო უკვე სამი დღეა, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის ევროპისა და ცენტრალური აზიის ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს, გლობალურად მზარდ ჰუმანიტარულ საჭიროებებზე იმსჯელონ, შეხედულებები შეაჯერონ და მოქმედების საერთო სტრატეგია დასახონ.
შეხვედრის მასპინძელია მონაკოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი, მისი უდიდებულესობა, პრინცი ალბერ II და მონაკოს წითელი ჯვრის ვიცე-პრეზიდენტი, მისი უდიდებულესობა, პრინცესა შარლინი. მონაკოს ლიდერთა შეხვედრას ესწრება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, ქეით ფორბსი.
შეხვედრის ინიციატორი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძეა. მისი ხელმძღვანელობით, მონაკოში 45 ქვეყნის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ევროპისა და ცენტრალური აზიის ეროვნული საზოგადოებების ლიდერები შეიკრიბნენ. მოწვეულთა შორის არის საქართველოს წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოება. დელეგატები მიმდინარე კვირაში აქტიურად იმუშავებენ, რათა თანამშრომლობის საერთო გეგმასა და მიდგომებზე შეთანხმდნენ.
„დრო აღარ ითმენს! – ჩვენი როლი კი გადამწყვეტია. ეს იქნება მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც მომავალში ჰუმანიტარული მისიების ეფექტიან რეაგირებას განაპირობებს და შესაძლებლობას მოგვცემს, ერთიანი ხედვითა და ძალისხმევით, წვლილი შევიტანოთ უკეთესი მომავლის შექმნაში. მჯერა, რომ მონაკოს ლიდერთა შეხვედრა რეგიონულ თანამშრომლობას, ერთიანობასა და ადამიანზე ორიენტირებულ ჰუმანიტარულ მოქმედებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს“, – აღნიშნავს ქ-ნი ნათია ლოლაძე და მონაკოს წითელი ჯვრის საზოგადოებას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.
შეხვედრის დროს ლიდერები ყველა იმ გლობალურ გამოწვევას განიხილავენ, რომლებიც ჰუმანიტარულ საქმიანობაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს: კლიმატის ცვლილება, , მიგრაცია, შეიარაღებული კონფლიქტები და მზარდი ჰუმანიტარული საჭიროებები.
მონაკოს ლიდერთა შეხვედრა 12 ოქტომბერს დაიწყო და 14 ოქტომბერს დასრულდება.
(R)