დღეს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში არიან წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მუდმივად არიან მომართული დესტრუქციისკენ და დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ არის გადადგმული მათი თითოეული ნაბიჯი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, რამდენიმე დღეში მომზადდება სარჩელი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა.
„რამდენიმე დღეში მომზადდება საბოლოოდ სარჩელი. ეს სარჩელი შევა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება. ეს საკონსტიტუციო სარჩელი ზუსტად ამას ემსახურება. თქვენ იცით, რომ დღეს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში არიან წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მუდმივად არიან მომართული დესტრუქციისკენ. დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ არის გადადგმული მათი თითოეული ნაბიჯი. ისინი ცდილობენ, საქართველოში არ შედგეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა და ამას სჭირდება კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება, ზუსტად ამის გამოხატულება არის ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოში შევა“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, თუ ვისზე გავრცელდება საკონსტიტუციო სარჩელი, კობახიძე პასუხობს, რომ სრულ სიას მაშინ ვიხილავთ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ოფიციალურად შევა.
კობახიძის თქმით, სარჩელი მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე არ გავრცელდება.
„სრულ სიას იხილავთ თქვენ იმ დღეს, როდესაც შევა ოფიციალურად სარჩელი. რაც შეეხება მიდგომას და პრინციპს – პრინციპი არის შემდეგი: ვინც 2012 წლამდე იყო სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მათზე აუცილებლად გავრცელდება ეს სარჩელი. რაც შეეხება 2012 წლის შემდგომ პერიოდს – ვინც ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალასთან ერთად მონაწილეობდა ქვეყნის წინააღმდეგ გამუდმებულ საბოტაჟში, რა თქმა უნდა, ყველას შეეხება ეს საკონსტიტუციო სარჩელი. დანარჩენზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. რა თქმა უნდა, ეს არ გავრცელდება მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე. სრულ სიას გაეცნობით. როდესაც სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა და ეს მოხდება ძალიან მალე,“ – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცვლილებები “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, “საარჩევნო კოდექსსა“ და “სისხლის სამართლის კოდექსში“ ხორციელდება. საკანონმდებლო პაკეტის მიღების და ამოქმედების შედეგად კონსტიტუციის დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ – ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მათ ნებისმიერი პარტიის წევრობა აეკრძალებათ და ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა დაუშვებელი იქნება. ასევე, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას და ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები. გარდა ამისა, მოქმედმა პარტიებმა პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები არ უნდა გააწევრიანონ მათ რიგებში, არ უნდა წარადგინონ პარტიულ სიებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება. იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტიები მათ რიგებში ისეთ პირს მიიღებენ, რომელსაც პარტიის წევრობა აკრძალული აქვს, ეს პარტიის სისხლის სამართლებრივი წესით დაჯარიმებას გამოიწვევს.




