როცა ხართ 50, 100, ან თუნდაც 300 კაცი შეკრებილი, კეთილი უნდა ინებო და უნდა დარჩე ტროტუარზე – ისინი ითხოვენ მოძალადეების გათავისუფლებას და არჩევნების ჩატარებას და რა უნდა გავითვალისწინოთ? ერთი თუ მეორე? , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება ძალიანაა შეწუხებული იმით, რომ 50 კაცი მილიონობით ადამიანზე ძალადობს.
კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები თავიდან ბოლომდე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა ეფუძნება.
„საზოგადოებაა შეწუხებული, ჩვენ არაფერი გვაწუხებს. მთელი საზოგადოებაა შეწუხებული, მათ შორის, მილიონ 100 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა არჩევნებზე. საზოგადოებაა ძალიან შეწუხებული იმით, რომ 50 კაცი ძალადობს მილიონობით ადამიანზე.
როდესაც იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და უნდა დარჩე ტროტუარზე, მეტს კი არაფერს ვამბობთ, საზოგადოება მეტს კი არაფერს ითხოვს. როცა ხართ 50, 100, ან თუნდაც 300 კაცი შეკრებილი, კეთილი უნდა ინებო და უნდა დარჩე ტროტუარზე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და ეს მოთხოვნა ახლა აისახება კანონში.
გარწმუნებთ, მათ შორის, როგორც იურისტი, რომ ეს კანონი თავიდან ბოლომდე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
რას ითხოვენ ისინი? მოძალადეების გათავისუფლებას და არჩევნების ჩატარებას. რა უნდა გავითვალისწინოთ? ერთი თუ მეორე? რა იყო აბსურდი, კაცო? ძალადობა 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში დაგვესიზმრა ყველას? როდესაც მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვენ და 50 კაცით ქუჩას კეტავენ, აქ ჩვენ უნდა მივყვეთ საზოგადოების ინტერესებს. საზოგადოების ინტერესებში არის სიმშვიდე, ქვეყნის მშვიდად განვითარება და სწორედ ამას ემსახურება ეს კანონი,“ – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში რიგი ცვლილებები შევა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
კირცხალიას თქმით, მონაწილეობა იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებები განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით.
ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას.
