პარასკევს დონალდ ტრამპს შევხვდები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
„შესაძლებლობა მექნება ვაშინგტონში ჩავიდე და პარასკევს პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე. ვფიქრობ, განვიხილავთ ნაბიჯებს, რომელთა შეთავაზებასაც ვგეგმავ. ჩვენს შორის დიალოგისა და მხარდაჭერისთვის პრეზიდენტ ტრამპის მადლობელი ვარ. კიდევ რამდენიმე შეხვედრა იქნება, მათ შორის, თავდაცვის კომპანიებთან და შესაძლოა კონგრესმენებთანაც. ასევე, შევხვდები ენერგეტიკულ კომპანიებს, ეს პრეზიდენტ ტრამპის წინადადება იყო და ეს აუცილებელია, რადგან სასწრაფო საჭიროებები არსებობს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, „ვიზიტის მთავარი საკითხი საჰაერო თავდაცვა და შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები იქნება“.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დღეს ვაშინგტონში უკრაინის დელეგაცია გაემგზავრა.
„უკრაინის დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა: პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და დიპლომატიური სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი. ისინი შეხვედრებს გამართავენ“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
