კანონების გამკაცრებით „ქართული ოცნება“ ცდილობს შეაშინოს ადამიანები, რომ აღარ მიიღონ მონაწილეობა პროტესტში. ეს უშედეგო იქნება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ წინააღმდეგობას ამ კანონით ვერ გააჩერებენ , – ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ ხელმძღვანელმა, ლევან ცუცქირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ცვლილეებს გამოეხმაურა.
ლევან ცუცქირიძე არ გამორიცხავს, რომ თუ პარლამენტი აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს მიიღებს, ის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ.
„ეს არის მიმართული ჩვენი უწყვეტი სამოქალაქო დემოკრატიული წინააღმდეგობის მიმართ. ყველაფერი სცადა „ქართულმა ოცნებამ“ , რომ ეს პროტესტი მოეკლა, დეზინფორმაცია, შანტაჟი, რეპრესია, ძალადობა, დარბევა და მიუხედავად ამისა ადამიანები არ წყვეტენ საკუთარ წინააღმდეგობას. ეს არის ისეთი პარტიის გადაწყვეტილება, რომელსაც პოლიტიკური არგუმენტი აღარ აქვს, მათ საკუთარ ზურგს უკან სიმართლე აღარ დგას და კანონების გამკაცრებით ცდილობს შეაშინოს ადამიანები, რომ აღარ მიიღონ მონაწილეობა პროტესტში. მგონია, რომ ეს უშედეგო იქნება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ წინააღმდეგობას ამ კანონით ვერ გააჩერებენ. არსებობს ქვეყანაში შეურიგებლობა და წინააღმდეგობა იმ უსამართლო პოლიტიკის მიმართ, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა. არსებობს შეურიგებლობა და ბრაზი იმის მიმართ, რომ უდანაშაულო მოქალაქეები აწამა და დააპატიმრა, მოიპარა არჩევნები, გაწყვიტა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები. ამ კანონით ეს წინააღმდეგობა და ეს ბრაზი არ გაქრება, ეს იგივეა ჩაიდანი რომ დუღს, თავსახურს კიდევ მაგრად დააჭირო. მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება. საფუძვლები ამ ბრაზის არ იცვლება, ამიტომ რაც არ უნდა დააწვნენ ამ ჩაიდანს, ბრაზი მაინც ამოხეთქავს.
ჩვენ ეს ბრძოლა უნდა ვაწარმოოთ ისე, რომ მინიმალური დანაკარგები მივიღოთ. პოლიტიკურ დანაკარგებზე ვლაპარაკობ და მათ შორის ადამიანების დაპატიმრებაზე. ჩვენ უნდა შევხედოთ ამ კანონს, როდესაც შემოიტანენ და ვნახოთ როგორ ვუპასუხებთ მათ. უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა მექანიზმები. არ გამოვრიცხავ, რომ გავასაჩივროთ ეს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში. შევხედოთ, როგორ შეგვიძლია ამაზე შესაბამისი პასუხის გაცემა ისე, რომ წინააღმდეგობას არ მიადგეს ამით ზიანი“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
ინფორმაციისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში რიგი ცვლილებები შევა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
კირცხალიას თქმით, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებები განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით.
ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას.




