„ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის“ (EUA) განათლების მდგრადობის სამუშაო ჯგუფის წევრად „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი აირჩიეს

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) საბჭოს მიერ ასოციაციის განათლების მდგრადობის სამუშაო ჯგუფის წევრად იქნა არჩეული.
EUA-ს მდგრადობის სპეციალური სამუშაო ჯგუფი აერთიანებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტთა ლიდერებს, რომელთა თანამშრომლობით იქმნება განათლების მდგრადი განვითარების ხედვა – ’’გაეროს 2030 დღის წესრიგის მიღმა 2040 წლის პერსპექტივით“. პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი აქტიურად ჩაერთვება განათლებისა და კვლევის მდგრადობის სტრატეგიის შემუშავების პროცესში, ასევე მონაწილეობას მიიღებს EUA-ს’’უნივერსიტეტებისა და მდგრადობის მომავლის დეკლარაციის“ ფორმირებაში. მისი საქმიანობა ევროპელ რექტორებთან და განათლების პოლიტიკის ლიდერებთან ერთად, უშუალოდ იქნება დაკავშირებული მდგრადი ტრანსფორმაციის სტრატეგიების შექმნის უზრუნველყოფასთან უმაღლეს განათლებაში.
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA) წარმოადგენს უნივერსიტეტებისა და რექტორთა ეროვნული კონფერენციების წარმომადგენლობით ორგანიზაციას და ევროპის 48 ქვეყნიდან 800-მდე უნივერსიტეტს აერთიანებს. EUA მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბოლონიის პროცესში, უზრუნველყოფს უნიკალურ ექსპერტიზას უმაღლესი განათლებისა და კვლევების მიმართულებებში, გავლენას ახდენს ევროკავშირის პოლიტიკებზე უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების სფეროებში.
აღნიშნული ფაქტი, რომ ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენელი არჩეულია ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ორგანოს საბჭოში, როგორიც არის ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA), მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს როგორც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის წარმატების, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მზარდი საერთაშორისო აღიარების გზაზე.
(R)