მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული:
საკვირაო საკითხავი…
———————–
ნიკო ნიკოლაძე 1924 წლის აჯანყების კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო. უფრო მეტიც, აჯანყების კატასტროფულად დასრულების და წითელი ტერორის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა 1925 წელს; თბილისში ასოციაცია “ქართული წიგნი” დაარსა, ილიას თხზულებების სრული კრებული გამოსცა; არაერთ სასარგებლო ეროვნულ წამოწყებას შეუწყო ხელი და უთაოსნა. 1928-ში აღესრულა და ქართველებმა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა ნიკო ნიკოლაძე ორი დღის უკან და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მისი ციტატა მოიყვანა, რომელიც აჯანყების მეთაურთა მიმართ საკმაოდ გესლიან კრიტიკას წარმოადგენდა. ბევრი მოწონება ხვდა ამ პოსტს. ანუ, საკმაოდ ბევრმა გაატარა პარალელი საკუთარ დამოკიდებულებასთან 4 ოქტომბრის მოვლენების მიმართ და ნიკო ნიკოლაძის ასი წლის წინანდელ ემოციებთან.
ვუფასებ პარლამენტის თავმჯდომარეს ამ საკმაოდ ეფექტურ ინტელექტუალურ მცდელობას და კონტექსტით მანიპულირებას.
რამდენიმე დღის წინ ვწერდი ჩემს გვერდზე, რევოლუციას თავისი თეორია აქვს მეთქი და შემეკამათნენ “ემპირიკოსები”, თეორიას არ მისდევს რეალობაო. არადა მისდევს. ემპირიკა კაცობრიობის განვითარების ადრეულ ეტაპზე მშვენივრად მუშაობდა. ალქიმიკოსებმა ოქროს ძიებაში ახალი მეცნიერება – ქიმია შექმნეს მცდელობა-მცდელობაში, მაგრამ ახლა ალქიმიკოსები აღარ არსებობენ. პოლიტიკაშიც ასეა. თეორია საჭიროა.
ბატონმა პაპუაშვილმა ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ნიკო ნიკოლაძე დააპირისპირა ერთმანეთს და ბევრმა ეს უაღრესად ზედაპირული დაპირისპირება ჭეშმარიტებად შეირგო, რადგან ნიკოლაძის შეფასება იოლად მოარგო დღევანდელ კონტექსტს.
1924 წლის აჯანყების ფიასკოს შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილიც ცხოვრობდა საქართველოში; საბჭოთა მწერალიც კი ერქვა, მაგრამ 1937-ში დახვრიტეს. ნიკო ნიკოლაძემ საიქიოში გაასწრო საბჭოთა საქართველოს ლოგიკურ განვითარებას, თორემ მასაც მიახვრეტდნენ 1937-ში და მთაწმინდაზე კი არა, სადღაც მინდორში, საერთო საფლავში ჩააგდებდნენ.
საინტერესო იქნებოდა ნიკო ნიკოლაძის მიერ 1924-ის შეფასება 1937 წლის გადმოსახედიდან, მაგრამ …
სამაგიეროდ, ჩვენ შეგვიძლია ლოგიკური მოდელი შევქმნათ ამ შეფასების, რადგან უკვე ვიცით რაც მოხდა. 1924 წლის აჯანყებულები 1925 წლის შეფასებით უაზროდ ჩაიხოცნენ, მაგრამ 2025 წლის გადმოსახედიდან ისინი ის გმირები არიან, რომელთა ნეშტებით დაფარული ეროვნული დაუმორჩილებლობის ნაღვერდალი სსრკ-ს 70 წლიან ნაცარშიც შემორჩა ჩაუქრობლად. პათეტიკურად ჟღერს, ხომ? კი, ჟღერს.
პათეტიკა ამაზრზენია ზოგადად, იაფფასიანია, მაგრამ არის მომენტები, სრულიად გულწრფელია და სწორედ მაშინ აღწევს სხვათა ცნობიერსაც და ქვეცნობიერსაც.
ქართველი ხალხის დღესდღეობით მიმდინარე ამბოხი დღეს ვერ შეფასდება სრულყოფილად, რადგან თუ ნიკო ნიკოლაძის ინტელექტმა ვერ შეძლო 1937-ის წინასწარმეტყველება, როგორ მოვთხოვოთ საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს იმის გააზრება, თუ რა მოელის ცივილიზაციისაგან სრულიად ჩახსნილ და იზოლირებულ საქართველოს ანტი-ცივილიზაციის სივრცეში.
დღევანდელი ქართველების დიდი ნაწილი აგდებულად ან პასიურად უყურებს მიმდინარე მოვლენებს და ვერ გაუაზრებია, რომ საქართველო ეგზისტენციური კრიზისის წინაშე დგას. კიდევ ვიმეორებ, თუ ნიკოლაძემ ვერ შეძლო ამის გააზრება …, იქნებ შეძლო კიდეც, მაგრამ საკმაოდ ასაკოვანი იყო იმისათვის, რომ საქართველოდან წასულიყო და უბრალოდ, განგებას დანებდა.
ვინ იცის…
პოლიტიკური მოქნილობა … დიპლომატიური მანევრირება … რამდენად ტევადი სიტყვებია. ერთდროულად იტევს ადამიანის ქვეცნობიერის ყველა გახრწნილებასაც და ყველა ღირსებასაც. ერთგვარი პარადოქსია?
არანაირად. თავად ადამიანია ასეთი, უკიდურესი სიბილწისა და უკიდურესი ღირსების ერთდროულად მატარებელი და ცხადია, მისი შექმნილი ყველაფერიც ამ ამპლიტუდაში მოძრაობს.
და ბოლოს, რა რჩება ადამიანთა სამყაროს სიბილწესა და ღირსებასთან ეულად დარჩენილს?
მხოლოდ პირადი რწმენა და ღირსება. მეტი არაფერი. ასეა კაციც და ასეა ქვეყანაც.