მადაგასკარის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქვეყანაში „ძალაუფლების უკანონო და ძალადობრივი ხელში ჩაგდების მცდელობის“ შესახებ განაცხადა, იუწყება „ალ ჯაზირა“.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ელიტური CAPSAT-ის დანაყოფის წევრები, რომლებმაც პრეზიდენტ ანდრი რაძუელინას 2009 წლის გადატრიალების შედეგად ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმარნენ, საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ.
12 ოქტომბერს CAPSAT-ის ჯარისკაცებმა განაცხადეს, რომ დანაყოფი არმიაზე კონტროლს კისრულობდა. „ამიერიდან, არმიისთვის ყველა ბრძანება – იქნება ეს სახმელეთო ძალები, საჰაერო ძალები თუ საზღვაო ძალები – CAPSAT-ის შტაბ-ბინიდან მომდინარეობს“, – განაცხადეს დანაყოფის ოფიცრებმა.
12 ოქტომბერს დედაქადაქ ანტანანარივუში ათასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ეკლესიის ლიდერები და ოპოზიციური პოლიტიკოსები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი მარკ რავალუმანანა, ასევე CAPSAT-ის ჯარისკაცები.
მადაგასკარში საპროტესტო აქციები სექტემბრის ბოლოს დაიწყო წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტის გამო. „ალ ჯაზირას“ ცნობით, ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით მესამედს აქვს ელექტროენერგიაზე წვდომა და ელექტროენერგიის გათიშვა რეგულარულად დღეში რვა საათზე მეტხანს გრძელდება.
შემდგომში საპროტესტო აქციები მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტში გადაიზარდა, სადაც დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომას, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისთვის ბოდიშის მოხდას და სენატისა
და საარჩევნო კომისიის დაშლას მოითხოვდნენ.
საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოები იყენებდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს.
გაეროს ცნობით, დემონსტრაციების დაწყებიდან სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.
საფრანგეთის ავიაკომპანია Air France-მა განაცხადა, რომ შეაჩენა ფრენა მადაგასკარისკენ შესაძლებელი სამხედრო მღელვარების გამო.
ფორუმი