შსს – დაკავებულია აჭარის პოლიციის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მოსამსახურე, რომელმაც ქრთამის სახით, ჯამში 1000 აშშ დოლარი აიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ს საქალაქო სამმართველოს მოსამსახურე რ.დ.-მ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ პერსონალური ინფორმაციის, საინფორმაციო ბაზაში გადამოწმების და მოქალაქე რ.კ.-სთვის უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ჯამში 1000 დოლარი აიღო.
დაკავებისას რ.დ.-მ გენერალური ინსპექციის თანამშრომლების დანახვაზე, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით მიმალვა სცადა, რა დროსაც მოახდინა შეჯახება.
აღნიშნულის შემდგომ მიატოვა ავტომობილი და ფეხით შეეცადა მიმალვას, რა დროსაც სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.
რ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას თანხის ნაწილი – 500 აშშ დოლარი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.