ლევან ღამბაშიძე: პასუხი მიხეილ ყაველაშვილს

ფილოსოფოსი :
პასუხი მიხეილ ყაველაშვილს:
კარგად მოგეხსენებათ ფილოსოფიის ისტორიაში დიდი ადგილი უჭირავს სოკრატეს ფიგურას. მის სახელს არაერთი ცნობილი დებულება უკავშირდება, თუმცა ალბათ ყველაზე გავრცელებულია ფრაზა, რომელსაც მას მიაწერენ არის: “მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი”.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნობილი გამონათქვამია, ვფიქრობ ხშირად ის არასწორად არის ხოლმე გაგებული და ამიტომ, როგორც ფილოსოფიით დაინტერესებულ ადამიანს, მინდა შეგახსენოთ მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა, იმ იმედით, რომ ეს მიმოწერა უფრო ხანგრძლივი და საფუძვლიანი დისკუსიის საფუძველი გახდება, რაც აამაღლებს საქართველოს მოქალაქეებში ფილოსოფიურ ცნობიერებას:
ერთხელ ერთმა კაცმა დელფოს მისანს ჰკითხა, თუ ვინ იყო ყველაზე ბრძენი ადამიანი და პასუხად მიიღო: სოკრატე. ეს რომ სოკრატემ გაიგო, დაეჭვდა, რანაირად შეიძლებოდა ეს სიამართლე ყოფილიყო და გადაწყვიტა ამის გარკვევა. იგი წავიდა და მონახა ადამიანები, რომელიც თავის საქმეში ბრძენებად ითვლებოდენ, რათა მათთან შედარებით მიხვედრილიყო, თუ რა იგულისხმა მისანმა.
ამ ძიებისას, სოკრატე გაესაუბრა ბრძნად მიჩნეულ პოლიტიკოსს, პოეტს, ხელოსანს და ასეთი რამე აღმოაჩინა: ყველა ეს ბრძნად მიჩნეული ადამიანი მართლაც ძალიან დიდ ცოდნას ფლობდა, მარგამ ყველა მათგანი უშვებდა ერთ შეცდომას: ამ ხალხმა არ იცოდა სად გადიოდა ზღვარი მათ ცოდნასა და არცოდნას შორის და შესაბამისად ისინი საკუთარ თავს უფლებას აძლევდნენ, რომ ისეთ საკითხებზეც ესაუბრათ, რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდათ. ანუ, ვინაიდან ისინი ერთ სფეროში ითვლებოდნენ ბრძენებად, მათ სწამდათ, რომ ზოგადად ბრძენები იყვნენ.
სოკრატემ კი იცოდა, რომ ერთი რამის ცოდნა ან ერთ სფეროში ბრძენობა არ ნიშნავს ზოგადად ბრძენობას და ამასთან ისიც, რომ ბრძენი მხოლოდ ღმერთი შეიძება იყოს, ანუ ის, რომ ნამდვილ სიბრძნეს ადამიანი ვერასოდეს მიაღწევს.
ამგვარი გამოკვლევის შემდეგ სოკრატემ დაასკვნა: მისანმა ის კი არ თქვა, რომ სოკრატეა ბრძენი, არამედ ის, რომ ყველა ბრძენია, ვინც სოკრატეს მსგავსად იცის რომ მისი ცოდნა ნამდვილ სიბრძნესთან შედარებით არაფერია და ვინც იცის სად გადის ზღვარი მის ცოდნასა და არცოდნას შორის.
ძალიან მარტივი მაგალითით შევეცდები სოკრატეს მთელი თავგადასავლისა და მისი მიგნების შეჯამებას: ადამიანი, რომელსაც სკოლა არ აქვს დამთავრებული, რომელსაც მთელი ცხოვრება ბურთისათვის ფეხის დარტყმის მეტი არაფერი უკეთებია და მხოლოდ იმის გამო, რომ მხოლოდ ამ მიმართულებით გარკვეულ წარმატებას მიაღწია რატომღაც ბედავს, რომ ქვეყნის სადავეები ხელში აიღოს და ადამიანთა ბედი მართოს, არის არა სოკრატე. სოკრატე ამას არასოდეს გააკეთებდა. მეტიც: არცერთი კეთილსინდისიერი, პატიოსანი, საკუთარი თავის მცოდნე ადამიანი ამას არ გააკეთებდა.
სამაგიეროდ ამას გააკეთებდა სხვა მოწყობისა და შინაგანი არქიტექტურის ადამიანი, რომელზე საუბრითაც ახლა თავს არ შეგაწყენთ. ცოტა სასაუბრო მერესთვისაც დავიტოვოთ.