პროფესორი ნანა დიხამინჯია:
კომენტარად დავწერე ერთგან და პოსტადაც უნდა გადმოვიტანო, გაცილებით ვრცლად.
ერთადერთი, რასაც ბიძინას დამარცხება შეუძლია ამ პირობებში, არის უკმაყოფილო ხალხის უზარმაზარი მასა.
ეს ეხება ორივე შემთხვევას – თუ ვინმე ფიქრობს ბიძინას დამარცხებას პროტესტით, ან თუ ვინმე ფიქრობს მის დამარცხებას 2028 წლის არჩევნებში. ნებისმიერ შემთხვევაში, ზურგს უნდა გიმაგრებდეს მოსახლეობის დიდი ნაწილი.
ამ დროს პროტესტიდან დავკარგეთ ქოცების მოწინააღმდეგეთა 80%. ადამიანთა უმეტესობა აზროვნებს საკუთარი თავის და ოჯახის ინტერესების ირგვლივ რაციონალურად – თუკი იმის იმედი არ მაქვს, რომ მდგომარეობას შევცვლი, უნდა შევეგუო და ამ მდგომარეობაში ჩემთვის საუკეთესო პოზიცია ვიპოვო. სულ ტყავიდან რომ ამოხტეთ მოწოდებებით და დამუნათებებით, ამ დამოკიდებულებას ვერ შეცვლის ვერავინ, იმიტომ რომ ესაა ევოლუციურად ჩამოყალიბებული აზროვნების ძირითადი ჩარჩო, სხვა ყველაფერი კი – გამონაკლისი. მოწოდებას და დამუნათებას აზრი აქვს, როცა შენი ჯგუფი ძლიერია. ეს მომენტი უკვე გავიარეთ. სუსტის მოწოდებას კი არავინ მიყვება.
ვინც ფიზიკური პროტესტიდან გაქრა 2025 წლის იანვარში, მერე მარტში, მერე მაისში, მერე ოქტომბერში, დეკემბერში, ვინც ფეისბუქ პროტესტიდანაც გაქრა ნელ-ნელა – იმიტომ კი არ გაქრნენ, რომ ქოცები შეუყვარდათ, არამედ იმიტომ, რომ აბსოლუტურად არანაირი იმედი არ დარჩათ, სანამ გარე მდგომარეობა არ შეიცვლება. ეს ხალხი ელოდება ევროპის და ამერიკის უფრო მწვავე რეაქციას, უკრაინის გამარჯვებას, რუსეთის ეკონომიკის დაქცევას, დემოკრატების გაძლიერებას – რადგან შიდა ძალების იმედი სრულად დაკარგეს. ეს ხალხი დაუბრუნდა პროტესტამდელ ცხოვრებას, უმეტესობამ დაასრულა სახელმწიფო სტრუქტურების და ქოცნების ბიზნესმენების ბოიკოტი და ცდილობს, ისე მოაწყოს საკუთარი კვადრატი, რომ გადარჩეს თვითონ და თავისი საქმეც გადაარჩინოს. კი, ვიცი, რომ ზოგს ხელები გექავებათ მათ გასალანძღად, იმიტომ რომ საკუთარი პედესტალი უფრო ღირებული გგონიათ, ვიდრე მიზანი. მაგრამ რეალობა ესაა.
გარდა ამისა, შუაშია ნეიტრალური, პრაქტიკულად მოაზროვნე მასა – ალბათ 30%, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს საქართველოს მომავალი, მაგრამ აირჩევს მისი ოჯახისთვის შემდეგი 5-10 წლის განმავლობაში ხელსაყრელ მდგომარეობას. “ეგენიც ქოცები არიან”, ვინც ამბობთ, ისინი საერთოდ მოსცილდით პოლიტიკას და საბაზისო ფსიქოლოგია ისწავლეთ. ჭკვიანი პოლიტიკოსის და აქტივისტის მიზანია, ეს ნეიტრალური ხალხი დაარწმუნოს, რომ ქოცნება მხოლოდ საქართველოს მომავალს კი არა, პირდაპირ მათ ცხოვრებას აზიანებს.
ამ ფონზე პერიოდულად ვიღაცები (პოლიტიკოსებიც და აქტივისტებიც) ერთმანეთს ეტაკებიან და ხან იმას უმტკიცებენ ერთმანეთს, ვინ უფროა იდეის ერთგული, ხან იმას, ვისი მამა უფრო ძლიერია, ხან იმას, რომელმა გატეხა თოჯინა. დამიჯერეთ, აღარ აინტერესებს ეს არც ანტიქოცების 90%-ს, და არც ნეიტრალურებს, იდეოლოგიურ ქოცებს კი მხოლოდ სიამოვნებას გვრის.
არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც პროტესტიდან გასულ ხალხს მოსწონს. მათ თვალში ზოგს ძველი ცოდვები ამძიმებს და უკარგავს ნდობას, ზოგი მეტისმეტად ეგოცენტრულია, ზოგს საბაზისო კომუნიკაციის უნარები არ აქვს, ზოგი ზედმეტად ნაივურია, ზოგი გამოუცდელი, ზოგი – გარიგებაშია ეჭვმიტანილი.
პირდაპირ გეუბნებით პარტიებს – არცერთ თქვენგანს არ აქვს შანსი, გამოიყვანოს ქუჩაში ან არჩევნებში დიდი მასა. მაგრამ ყველას აქვს თავისი ნიშა: ზოგი თავდადებით უყვარს თავის მრევლს, ზოგი მისაღებია ბიზნესისთვის, ზოგი აკადემიისთვის, ზოგი მემარცხენეებისთვის და ზოგი მემარჯვენეებისთვის. უმეტესობას კი იდეოლოგიებიც არ გვაინტერესებს, იმდენად დიდ საფრთხედ გვეჩვენება ბიძინა, რომ მისგან გადასარჩენად ნებისმიერს გავყვებოდით, ვინც რეალისტურ იმედს დაგვანახებდა.
შესაბამისად, გადარჩენის ერთადერთი გზაა, რომ ერთმანეთს შეეშვათ, ყველამ საკუთარ ნიშაზე მშვიდად იმუშაოთ, მოსახლეობასთან მუშაობა გადაინაწილოთ სფეროების მიხედვით და ისე მორიგდეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ამ ნიშების გაერთიანება შეგეძლოთ. ეს “ერთობა” იდეოლოგიური კი არა, უბრალოდ რესურსების ჭკვიანური ოპტიმიზაციაა და ამას გაყვება ხალხის დიდი მასა, როცა ყველა საჭირო გარე იმპულსი შეიკრიბება.
ამის ნაცვლად მუდმივად ვუყურებთ ძლიერი მოთამაშეების ეგოების ფრიალს. “იი, იმან ეს დამაბრალა და მე ამიტომ თავი უნდა ვიმართლო და იმას ეს წამოვაძახო” – ნწნწ, რამხელა მნიშვნელობის პრობლემებია, როცა მონსტრი გყლაპავს. თურმე როგორი ღირებულია, ვიცოდეთ, ვინ ვის სად დაუდო კვანტი, 2 წლის წინ მოსახლეობას ვინ რა სიტყვებით მიმართავდა და ვინ ვისზე რა ჭორი გაავრცელა. რაღა ქართული პოლიტიკა და რაღა ტიკტოკერთა ჯახები. ჩაატარეთ ერთი კვლევა და იოლად მიხვდებით, რომ თქვენი აქტიური მხარდამჭერების გარდა არავის არ აინტერესებს ეს გარჩევები. პარტიის მიზანი კი აქტიური მხარდამჭერის გულის მოგება კი არა, პასიურის გააქტიურება უნდა იყოს.
ოპოზიციურ მედიასაც იგივე გეხებათ. საკუთარი თავის გადასარჩენად თქვენც ასე სტრატეგიულად უნდა მუშაობდეთ და ამ დროს სენსაციების აგდებას უწყობთ ხელს. არაფერი არ გადაგვარჩენს ასე.
და ვინც ამ ტექსტიდან ძირითადი აზრი ვერ გაიგო, მარტივად გეტყვით, რომ ზუსტად ასეთმა პოლიტიკამ დაღუპა რუსეთი და რუსი ოპოზიციონერები ახლა სხვადასხვა ქვეყნებიდან იმოძღვრებიან, სრულიად უსარგებლოდ.
“ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დიდი საქმე,
სულ არ იცი თამაში,
გახსოვს, მე რომ მოგეხმარე
კანფეტების ჭამაში?
მერე მე რომ შენს თოჯინას
გავუკეთე ნემსები?!
მერე მე რომ წაგიკითხე
დიდი, გრძელი ლექსები?!
როგორც ვხედავ, ქალბატონო
უმადური ბრძანდები,
დაგავიწყდა, გუშინწინ რომ
გამომართვი ბაფთები?
არც თოჯინა მინდა შენი,
აღარც შენი ვაშლები,
ბუტე, ბუტე, გაგებუტე,
აღარ გეთამაშები!”




