ფოტო – ტვ პირველი
“შაბათის ეთერმა” ინფორმაციით, 4 ოქტომბრის ჩანაწერებში ჩანს, რომ ღობე სავარაუდოდ გადაჭრილია და მავთულებით მიბმულია რკინის კონსტრუქციას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოპერატორის მიერ გადაღებულ ბრალდების დასადასტურებლად გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ღობის წაქცევას სულ რამდენი წამი სჭირდება კონკრეტულად კი, მათივე ვიდეოთს მიხედვით – 4 წამი.
მედიის ცნობით, გრაფიკული დამუშავების დახმარებით, შესაძლებელია იმის დანახვა, რომ რკინის კონსტრუქცია გადაჭრილი იყო წინასწარ.
“ტვ პირველის” ცნობით, 5 ოქტომბერს, ადრე დილით გადაღებულ კადრში, როდესაც რკინის კონსტრუქციის ნაწილები ჯერ კიდევ ადგილზეა. ახლო ხედით გადაღებულ გამოსახულებაში ჩანს, რომ რკინის საყრდენი ძელები, რომელიც ოფიციალური ვერსით მომიტინგეებმა შეანგრიეს დეფორმირებულიც კი არ არის.
ვიდეომასალაში, ჩანს რომ მას შემდეგ რაც მოქალაქეებმა, სასახლესთან გადანაცვლება გადაწყვიტეს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რვა თანამშრომელი ჭიშკრის ჩაკეტვას იწყებს.
“შაბათის ეთერის” მტკიცებით, მოიპოვეს ანზორ ჩუბინიძის ოფიციალური წერილი, სადაც ის წერს, რომ 4 ოქტომბერს როდესაც ქვეყანაში დიდი დემონსტრაცია იყო დაანონსებული, პრეზიდენტის სასახლის დასაცავად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მხოლოდ რვა თანამშრომელი იყო მივლენილი. მათგან რამდენიმე გამოცდილი კადრი კი არა, არამედ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი წვევამდელი იყო.
კადრების თანახმად, ვიდრე ღობე არ გადავარდა, მომიტინგეები, რომლებსაც პერიოდულად არაიდენტიფიცირებადი პირების შეძახილები ესმით, ეზოში მხოლოდ სასახლის დაცვას ხედავენ, არადა ამ დროს სპეცრაზმი სასახლეშია, მაგრამ არ გამოდის. რობოკოპები ელოდებიან, როდის გადავარდება ღობე და როდის გაჩნდება მტკიცებულება მომიტინგეების წინააღმდეგ. ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ სპეცრაზმი სასახლიდან მხოლოდ ამის შემდეგ გამოდის.
არსებობს კიდევ რამდენიმე ვიდეო – სადაც ჩანს, უკვე დამატებით ძალად მოსული რობოკოპები როგორ დგანან და არ მიდიან ახლოს, სავარაუდოდ, ბრძანებას ელოდებიან.
ცნობისთვის, მომიტინგეებმა, ყაველაშვილის “სასახლის გასაღების მოპოვება” რუსთაველზე დაანონსეს, შემდეგ, ნელი ნაბიჯებით წავიდნენ და დამატებითი სპეცრაზმი არათუ ადგილზე დახვდათ, კარგა ხნის შემდეგ მივიდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სპეცრაზმს ასე “დააგვიანდა”.
