სუს-მა და პროკურატურამ სცადეს, რომ იმ საქმეზე, სადაც ბურჭულაძეს ბრალდებულის სტატუსი აქვს, შესაბამისად განსხვავებულია მისი დაკითხვის წესები და საპროცესო უფლებები, ამ შეზღუდვებისთვის, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს დაწესებული, თავი აერიდებინათ, თაღლითურად, რომ სასამართლო და ბრალდებულიც მოეტყუებინათ,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის მოვლენებზე დაკავებული „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბურჭულაძის გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბრალდების მხარე ცდილობდა, რომ პაატა ბურჭულაძისგან ინფორმაცია გამოეძალათ, თუ რას და ვის აორგანიზებდა, რაზეც ყველაფერზე შესაბამისი პასუხი მიიღეს. შოთა თუთბერიძის თქმითვე, მათთვის უცნობია ბრალდების მხარის ვერსია ან დასაბუთება თუ რა კავშირი შეიძლება არსებობდეს პაატა ბურჭულაძესა და „იარაღების საქმეს“ შორის.
„ჩვენ ჩვენების მიცემაზე თანხმობა განვაცხადეთ და გამოძიებას ყველა კითხვაზე ვუპასუხეთ, თუმცა იყო მცდელობა, რომ ისეთი კითხვები დაესვათ პაატა ბურჭულაძისთვის, რომელიც ამ საქმესთან კავშირში არ არის და ეხება იმ საქმეს, რომელიც პაატა ბურჭულაძეს ბრალდებულის სტატუსი აქვს, ამ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს. შემოვიფარგლეთ იარაღის საკითხთან დაკავშირებით.
გვკითხეს, იცნობს თუ არა ერთ-ერთ პირს, გვქონდა თუ არა მასთან კავშირი, ვუპასუხეთ რომ არ ვიცნობთ, და კავშირი არ გვქონია. იცოდა თუ არა ჩამარხული იარაღის შესახებ ინფორმაცია, ვუპასუხეთ რომ არ ვიცოდით. მოგეხსენებათ პაატა ბურჭულაძე პროფესიით ისეთი ადამიანია, რომ ჯიბიდან არ ისვრის. აქ მთავარი ისაა, რომ მათ იცოდნენ, რომ ამ კითხვებზე პასუხი მათთვის არავითარი შედეგის მომტანი იქნებოდა, მათი რეალური მიზანი იყო მოეტყუებინათ ბურჭულაძე. ცდილობდნენ, რომ პაატა ბურჭულაძისგან გამოეძალათ ინფორმაცია, თუ რას და ვის აორგანიზებდა, ყველაფერზე შესაბამისი პასუხი მიიღეს. ჩვენთვის უცნობია ბრალდების მხარის ვერსია ან დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირი შეიძლება არსებობდეს.
სუს-მა და პროკურატურამ სცადეს, რომ იმ საქმეზე, სადაც ბურჭულაძეს ბრალდებულის სტატუსი აქვს, შესაბამისად განსხვავებულია მისი დაკითხვის წესები და საპროცესო უფლებები, ამ შეზღუდვებისთვის, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს დაწესებული, თავი აერიდებინათ, თაღლითურად, რომ სასამართლო და ბრალდებულიც მოეტყუებინათ.
ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც ბურჭულაძე გამოძახებულია არის, ვითომ ოპერატიული პატაკი, რომელსაც არანაირი დასაბუთება არ აქვს, მოგეხსენებათ, რომ „ქართული ოცნება“ მოწმეებს იბარებს და ჩხრეკებს ატარებს ერთადერთი მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც მატყუარა პოლიციის მიერ დაწერილი პატაკია. ეს საკმარისია „ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის. აქაც ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ბუნებაში ობიექტური სახით მტკიცებულება ვერ იარსებებს გარდა რომელიმე პოლიციელს ე.წ. „ნასეტკისა“, რომელიც მრავლად ჰყავთ, სხვადასხვა ტიპის სახით, ზოგიერთ ჟურნალისტის სახე აქვს, ზოგს ტელევიზიის დირექტორის, ზოგი პირდაპირ შალვა რამიშვილივით გამოიყურება. ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ფაბრიკირებული ჩანაწერი, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო ამ სავარაუდო კავშირის საფუძველი და ამის გამო, შეიძლება მოეყვანათ აქ ეს მოწმეები. ოღონდ ეს ჩემი ვარაუდია. საქმის მასალებს არ ვიცნობ.
ყველა კითხვას გასცა პასუხი, უბრალოდ მაშინ, როდესაც კითხვებმა მიიღო ხასიათი, რომ ეს აღარ იყო მიმდინარე საქმეებში დასასმელი კითხვები, ჩვენი მოთხოვნითა და მოსამართლის ნებართვით მითითებულ იქნა გამოძიებისთვის, რომ ეს კითხვები ამ გამოძიებისთვის რელევანტური არ არის“,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
