ია დარახველიძის ადვოკატი – ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები დროებითი მოთავსების იზოლატორშიც ჰქონდა – გაუგებარია, რა საჭირო იყო საპატიმრო გირაოს გამოყენება, როდესაც მოსამართლეს შეეძლო, დარბაზიდანვე გაეთავისუფლებინა

ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, ადამიანისთვის გაუგებარია, მოსამართლემ რომ [ია დარახველიძის მიმართ] საპატიმრო გირაო გამოიყენა, რა საჭირო იყო, როდესაც შეეძლო, დარბაზიდანვე გაეთავისუფლებინა,- ამის შესახებ ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფ ია დარახველიძისთვის საპატიმრო გირაოს შეფარდებაზე.
გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო.
ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს,რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის დროსაც აწუხებდა.
„გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდება პატიმრობის მოთხოვნით იყო შემოსული, დაცვის მხარეს წარდგენილი ჰქონდა შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია, ვითხოვდით, რომ გამოყენებული ყოფილიყო გირაო ან ნებისმიერი სხვა დამატებითი ღონისძიება. ასევე, ჩემის დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები დროებითი მოთავსების იზოლატორშიც ჰქონდა და შემდგომ უკვე ბრალდებამაც განმარტა, რომ დროის სიმწირიდან გამომდინარე დოკუმენტაციის გაცნობა ვერ მოასწრეს და თავადვე დაგვეთანხმნენ გირაოს გამოყენებაზე. უბრალოდ, იქ სხვაობა ის იყო, რომ საპატიმრო გირაოს ითხოვდა ბრალდების მხარე. ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, ადამიანისთვის გაუგებარია, მოსამართლემ რომ საპატიმრო გირაო გამოიყენა, რა საჭირო იყო, როდესაც შეეძლო დარბაზიდანვე გაეთავისუფლებინა, მით უფრო, რომ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებაც, უბრალოდ, სასამართლოს, როგორც წესი, არ უყვარს ხოლმე ადამიანის პირდაპირ დარბაზიდან გაშვება“, – განაცხადა აჭარაძემ.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის , -ს ჯამში 46 პირი ჰყავს დაკავებული, მათ შორის არის ია დარახველიძეც. ბრალდებულებს ჯგუფურად ჩადენილ, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ შარმანაშვილი – ასი კაცი წავიდეს პარიზში, ბერლინში, გადაკეტონ ცენტრალური „პროსპექტი“ და რით დამთავრდება, ვიხილავთ – ჯარიმებმა იმიტომ არ იმუშავა, რომ „დიფ სთეითი“ აგროვებდა ფულს და აქციის მონაწილეებს ეუბნებოდა, წადი, მე გადავიხდიო