პროფესორ-მასწაბლებლები მარინა ჩიტაშვილს სოლიდარობას უცხადებენ

უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები მარინა ჩიტაშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ:
,,ჩვენ, უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები და მკვლევრები, სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ქალბატონ მარინე ჩიტაშვილს, რომლის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა და მათთან დაკავშირებულმა მედია საშუალებებმა არაკეთილსინდისიერი დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყეს.
ქალბატონმა მარინემ 7 ოქტომბერს ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში შეაფასა 4 ოქტომბრის მოვლენები. ამ ინტერვიუდან ამოღებული ცალკეული წინადადებები დამახინჯებულად, კონტექსტიდან ამოღებულად გაავრცელეს “ქართული ოცნების” ლიდერებმა. მათ მიერ გავრცელებული ინტერპრეტაცია სრულიად აცდენილია ინტერვიუს ნამდვილ შინაარსს.
ვფიქრობთ, რომ უნივერსიტეტის პროფესორებს უნდა ჰქონდეთ შეუზღუდავი უფლება გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, გააკეთონ კრიტიკული შეფასებები და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ დისკუსიებში. ეს მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და აკადემიური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია.
მარინე ჩიტაშვილი მრავალი წელია, ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მან არაერთი სტუდენტი აღზარდა, ასწავლა კრიტიკული აზროვნება, სამართლიანობის შეგრძნება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მისი ხმა ყოველთვის იყო თავისუფალი აზრისა და ინტელექტუალური ღირსების სიმბოლო.
ჩვენ ეს შემთხვევა არ გვესმის როგორც ერთეული ინციდენტი. ეს არის უნივერსიტეტების ავტონომიის, აკადემიური თავისუფლებისა და კრიტიკული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლის კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითი.
ჩვენ ვდგავართ პროფესორ მარინე ჩიტაშვილის გვერდით და ვიცავთ იმ ღირებულებებს, რომლებიც უნივერსიტეტის ფუძემდებლურ პრინციპებს წარმოადგენს: თავისუფლება, სიმართლე და ღირსება.”
შეგახსენებთ, ირაკლი მ მარინა ჩიტაშვილის შესახებ განაცხადა:
,,ეს აჩვენებს იმას, რომ ტრაგიკული მდგომარეობაა ჩვენს საუნივერსიტეტო სისტემაში, რაც ძალიან მძიმეა. როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანები ასწავლიდნენ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტში. თუმცა, მინდა შეგახსენოთ, რომ თავის დროზე, როცა იყო ჩამოყალიბებული ავტორიტარული სისტემა, 2004-2012 წლებში ბოლომდე შეაღწია მაშინდელმა ავტორიტარულმა მმართველობამ უნივერსიტეტებში, მათ შორის თსუ-შიც.
მათ შორის, საკადრო საკითხებს ალაგებდა პირდაპირ მაშინდელი ავტორიტარული მმართველობა და ამის გამოძახილია, რომ მრავლად არიან დღესაც ასეთი ადამიანები უნვიერსიტეტში, მათ შორის, სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. ეს არის ტრაგიკული მოვლენა”