აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენლები და რეგიონის წამყვანი ფიგურები შეუერთდნენ ისრაელსა და ჰამასს შორის ეგვიპტეში მიმდინარე არაპირდაპირ მოლაპარაკებებს. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მესამე დღეა მიმდინარეობს.
„ბიბისის“ ცნობით, დღეს შარმ ელ-შეიხში მოლაპარაკებებში ჩაერთნენ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, რომელიც ტრამპის პირველი ვადის დროს თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი იყო. მათ ასევე შეუერთდნენ კატარის პრემიერ-მინისტრი შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანი და თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელი იბრაჰიმ კალინი.
მოლაპარაკებების განახლების შემდეგ ჰამასის მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა, რომ ჰამასმა „საჭირო პოზიტიური განწყობა“ გამოავლინა და წარადგინა იმ პალესტინელი პატიმრების სია, რომელთა გათავისუფლებასაც ითხოვენ ღაზაში მყოფი მძევლების სანაცვლოდ.
ისრაელის მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მათაც „ფრთხილი ოპტიმიზმი“ გამოთქვეს. დონალდ ტრამპმაც შეთანხმების მიღწევის შანსები ოპტიმისტურად შეაფასა და თქვა: „არსებობს რეალური შანსი, რომ რაღაცის გაკეთება შევძლოთ“.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ ტრამპმა მას ბოლო სატელეფონო საუბრის დროს სთხოვა, „დაერწმუნებინა“ ჰამასი, რომ მისი გეგმა მიეღო.
ერდოანის თქმით, ჰამასმა ტრამპის სამშვიდობო გეგმას დადებითად უპასუხა და ახლა პროცესს ხელს ისრაელი უშლის. „მშვიდობის მთელი ტვირთის ჰამასსა და პალესტინელებზე დაკისრება არც სამართლიანი, არც სწორი და არც რეალისტური მიდგომა არაა. ამჟამად, მშვიდობისკენ მიმავალი გზის ყველაზე დიდი დაბრკოლება ისრაელის თავდასხმებია. მშვიდობის სურვილი ნამდვილად თუ არსებობს, ისრაელის თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ერდოანმა
ჰამასი აცხადებს, რომ მტკიცე გარანტიებს ითხოვს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და შუამავლებისგან, რომ ისრაელი არ განაახლებს სამხედრო კამპანიას პალესტინის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც ყველა დარჩენილ მძევალს გაათავისუფლებს.
სამშვიდობო გეგმის ძირითადი ნაწილები დაზუსტებული ჯერ კიდევ არ არის. მათ შორისაა მოთხოვნები ჰამასის განიარაღების შესახებ, ისრაელის ჯარების ღაზიდან გაყვანის ვადები და მასშტაბები და საერთაშორისო ორგანოს შექმნა, რომელიც ღაზის მართვას ჰამასის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ განახორციელებს.
სექტემბრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ღაზის სექტორში ომის დასრულების გეგმა და განაცხადა, რომ მას მხარს უჭერენ აშშ, ისრაელი და არაერთი სხვა ქვეყანა და მხოლოდ ჰამასის თანხმობაა საჭირო. 3 ოქტომბერს ჰამასმა განაცხადა, რომ ეთანხმება ტრამპის გეგმის ზოგიერთ პუნქტს და დამატებით მოლაპარაკებებს ითხოვს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის გეგმა 20-პუნქტიანია. ის ითვალისწინებს ღაზაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ჰამასის მიერ ყველა მძევლის გათავისუფლებიდან 72 საათის განმავლობაში და ისრაელის მიერ ასეულობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას, ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების ეტაპობრივად გაყვანას, ჰამასის განიარაღებას და ღაზის სექტორში გარდამავალი მთავრობის შექმნას საერთაშორისო ხელმძღვანელობით. გეგმა გამორიცხავს ჰამასის მონაწილეობას ღაზის სექტორის მართვაში.
