სანდრო ელოშვილი: ახლა როდესაც ვაჟა ფშაველას ვკითხულობ, თვალწინ მასავით მთიელი ბიჭი მიდგება, დაცემული, მაგრამ არა მუხლებზე მდგარი… უსიტყვო, მაგრამ ყველაზე მეტის მთქმელი… ცოცხალ-მკვდარი, მაგრამ უკვდავებისთვის დაბადებული!

რეჟისორი, სცენარისტი, მწერალი სანდრო ელოშვილი:
– ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა! – უპასუხებდა ხალხსაო. არ იდრიკება ვაჟკაცი, არ შეიხრიდა წარბსაო…
არ ვიცი რატომ, მაგრამ “სტუმარ-მასპინძელი“ მამაჩემმა 7 წლის ასაკში წამაკითხა და მას მერე ვფიქრობდი, როგორ გამოიყურებოდა ზვიადაური, ყელზე ხანჯალ მიბჯენილი რომ ღრიალებდა, ძაღლ იყოს თქვენი მვკდრისადაო…
ახლა როდესაც ვაჟა ფშაველას ვკითხულობ, თვალწინ მასავით მთიელი ბიჭი მიდგება, დაცემული, მაგრამ არა მუხლებზე მდგარი… უსიტყვო, მაგრამ ყველაზე მეტის მთქმელი… ცოცხალ-მკვდარი, მაგრამ უკვდავებისთვის დაბადებული!
წლების შემდეგ მის მეუღლეს ვკითხავ, ომში როგორ წავიდა მეთქი? გამოიძახეს და წავიდაო… გახსოვთ “ჯარისკაცის მამაში“ თქვი რამე გიორგიო და რა უნდა ვთქვა, მივდივარ და მივდივარო… ალბათ ამ გზას გადიან გმირები, ასე უთქმელად, ასე უბრალოდ… ასე იყვნენ განწირულ კრწანისში მოსული არაგველები და ასეთი იყო ის პატარა იუნკერი პატაკს რომ წერდა “ვინაიდან სკოლას ფრონტზედ არა ჰგზავნიან, გთხოვთ დაუყოვნებლივ მიმავლინოთ მოქმედ ნაწილში”.
ასეთი ჯიშის და გენის იყვნენ ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელგუჯა ქსნის ერისთავები, 1659 წელს კახეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, შაჰს რომ საკუთარი ნებით ჩაბარდნენ და სიცოცხლე გასწირეს, რათა ხალხი გადაერჩინათ…
ასეთი იყო ერთი თუში ბიჭიც, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტი…
– რომელ ნაწილში მსახურობ?
– არ ვიცი…
– სად არიან დანარჩენები?
– არ ვიცი…
– სად არის შენი პოზიციები?
– არ ვიცი…
– როდის მოხვალ გონს?
– არ ვიცი…
გონდაკარგული და ღონე მიხდილი კიდევ ბევრ ტკივილს გაუძლებს, ძვლებში დალეწავენ და ფეხებით ათრევენ ქუჩა-ქუჩა… დროშას არ დააბიჯებს, სამშობლოზე ცუდს ვერ ათქმევინებენ და მის თავთან მდგარი სვავებიც კი ცინიკურად იტყვიან, შეხედეთ რა მაგარი ბიჭიაო… როგორც სტუმარ-მასპინძელში – “უცქირეთ, ერთი უცქირეთ, არ ახამხამებს თვალსაო!“
როგორც კომპიუტერულ თამაშებშია, სიცოცხლეებს რომ იღებ და დარჩენილი გაქვს სამი სიცოცხლე, ან ათი სიცოცხლე, ან ათასი… ასეა საქართველოც! იმდენი სიცოცხლე აქვს დარჩენილი, რამდენმა გმირმაც თავი გასწირა მისთვის და ის გმირები კი ზუსტად იმდენი წლისები არიან, რამდენისაც საქართველო!
დღეს ერთერთი მათგანის დაბადების დღეა… 42 წლის გახდებოდა? არა! 3000 წელზე მეტის…
საქართველოა მისი სახელიც და გვარიც, მაგრამ ომში წასვლის წინ, ნაწილში დაიძახეს…
– ანწუხელიძე!