სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ პირებს: თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშვიაშვილს და დავით სტურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
ადვოკატებმა მოსამართლის, ლელა მარიდაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, მათ არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ მოსამართლე ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
სახელმწიფო ბრალდება ოთხივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს.
პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თორნიკე მჭედლიშვილი “უმოწყალოდ იქნევდა ჯოხს და ძალადობდა გარშემო მყოფებზე, პოლიციელებზე.
კადრებით დასტურდება, რომ მან დააზიანა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობე”.
თავის მხრივ, თორნიკე მჭედლიშვილმა აღნიშნა, მისი ინტერესი და იდეა არ ყოფილა დარბევა და ძალადობა.
“ჩემი ინტერესი არ ყოფილა დარბევა და ძალადობა. ჩემი მოქმედება იყო განზრახული ადამიანის გადასარჩენად, ეს აქციის წევრი იქნებოდა, თუ პოლიცია. როდესაც ვუშველე აქტივისტს, რამდენიმე წუთში ვუშველე პოლიციელს, სასწრაფოსთან მივიყვანე”, – აღნიშნა მჭედლიშვილმა.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.
