ირაკლი ქადაგიშვილი – ეუთო იქნება თუ სხვა ევროპული ინსტიტუტები, კეთილი ინებონ და ფარისევლობით გაჯერებული განცხადებების ნაცვლად, ობიექტურად შეხედონ ვითარებას

ეუთო იქნება თუ სხვა ევროპული ინსტიტუტები, კეთილი ინებონ და ამ, ხშირ შემთხვევაში ფარისევლობით გაჯერებული განცხადებების ნაცვლად, ობიექტურად შეხედონ ვითარებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ეუთოოდირის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მათი „არაობიექტური, ბუნდოვანი და ფარისევლური შინაარსით გაჯერებული განცხადებები, აზიანებს ზოგადად დემოკრატიის ცნებას და ზოგადად ევროკავშირის იდეას საქართველოში“.
„ეუთო იქნება თუ სხვა ევროპული ინსტიტუტები, კეთილი ინებონ და ამ ხშირ შემთხვევაში ფარისევლობით გაჯერებულ განცხადებების ნაცვლად ობიექტურად შეხედონ ვითარებას ერთი რამის გამო – განა იმიტომ, რომ ჩვენს ხელისუფლებას აღიარება ან რაიმე ამგვარი სჭირდება. უბრალოდ, მათი ეს ფარისევლობა, რბილად რომ ვთქვათ, ქვეყანაში ექსტრემიზმის გასაძლიერებლად არის გამოყენებული. ექსტრემიზმის გაძლიერება ხელს უშლის დემოკრატიულ განვითარებას. მათი არაობიექტური, ბუნდოვანი და ფარისევლური შინაარსით გაჯერებული განცხადებები, აზიანებს ზოგადად დემოკრატიის ცნებას და ზოგადად ევროკავშირის იდეას საქართველოში. თუ ამას შეეშვებიან, ეს იქნება ყველაზე დიდი მხარდაჭერა დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული კურსისადმი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამასთან, ქადაგიშვილმა შეაფასა ევროპარლამენტარების განცხადება, სადაც დაგმობილია ფაქტი, რომ „ოფიციალურმა პირებმა ფაქტობრივად აღკვეთეს სანდო საარჩევნო დამკვირვებლების დასწრება – ეუთო/ოდირისთვის დაგვიანებით გაგზავნილი მოწვევით და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვებით ხელი შეუშალეს ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დაკვირვებას“.
მისი თქმით, ევროკავშირის გარკვეული პოლიტიკური ძალები და ევროჩინოვნიკები არ არიან მზად, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას მხარი დაუჭირონ.
„ევროკავშირის გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს და ევროჩინოვნიკებს არ აქვთ გათვითცნობიერებული, რომ საქართველოში ის პროექტი, რომელიც გულისხმობდა „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ, მათ შორის გადატრიალების ფასად, ხელისუფლებაში მოყვანას, ჩავარდა. არ არიან მზად, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას მხარი დაუჭირონ. ეს კონკრეტული პირები, ალბათ, ამ პოზიციაზე ვერ მოვლენ, მაგრამ ევროკავშირი და ევროპა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ეს რამდენიმე ადამიანი. ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ასეთი მოვლენების განვითარებაში იყვნენ ჩაბმული, ამას კვებავდნენ, აფინანსებდნენ, მხარს უჭერდნენ მუდმივად, რა თქმა უნდა, ამ პროექტის ნაწილი არიან და არ დაგმობენ იმას, რასაც ასე მონდომებით ახორციელებდნენ საქართველოში“, – გამაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო/ოდირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, “სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდი ზეწოლის ფონზე პატივი სცეს თავისუფალი შეკრების უფლებასა და ადამიანის უფლებებს”.