გიგი წერეთელი – „ცალმხრივ მეგობრობაში ვართ“, რას ნიშნავს? მეგობრობაა ის, რომ ჯერ არ გაუძევებიათ ელჩები? ცალმხრივი მეგობრობა აქვთ პარტნიორებს, რომლებიც ზოგავენ მართლა დასასანქცირებელ ადამიანებს, რათა ქვეყანა არ ჩავარდეს რუსულ ორმოში

დღეს ჩვენ ვხედავთ ცალმხრივ მეგობრობას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც ჯერ კიდევ ხელს არ უშვებენ საქართველოს, ზოგავენ მართლა დასასანქცირებელ ადამიანებს, რადგან ქვეყანა არ ჩავარდეს ისევ რუსულ ორმოში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ განცხადებებს, რომ ბრიუსელთან „ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩებიან“.
რაც შეეხება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ გაიმართა, როგორც წერეთელმა აღნიშნა, „ელჩებზე იერიშს საფუძველი არ აქვს“.
„ხელისუფლების ყველა ნაბიჯი, რაც აქამდე გადადგმულა, არის ანტიდასავლური, ანტიევროპული. დაწყებული იქიდან, რომ ანტიკონსტიტუციურია ეს ყველაფერი და კონსტიტუცია უკვე ყველამ ზეპირად იცის, მათ შორის 78-ე მუხლი, რომელიც ავალდებულებს ამ დე-ფაქტო მმართველ ძალას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროპული გზა და ევროატლანტიკური არჩევანი. თუ კი ამ გზას ადგახარ, მაშინ არანაირი განცხადება, რომელიც შენს კონცეფციას და მსოფლმხედველობას მხარს არ უჭერს, არ მოგეწონება. ასე არ მოსწონთ არცერთი ის განცხადება, მით უმეტეს ამ ქვეყნის მეგობრებზეა საუბარი. არავინ არ უმიზნებს ახლა ევროპიდან მათ ადგილებს, არავის არ უნდა საქართველოს პარლამენტსა ან მთავრობაში ყოფნა. ამ ხალხს უნდა, რომ საქართველო იყოს მათი პარტნიორი, ეს, პირველ რიგში, კი საქართველოს სჭირდება. შესაბამისად, აქ ელჩებზე მიდის იერიში.
აქ მთავრობა პარტიის სრულ დაქვემდებარებაშია. მათი მთავრობის წევრების უმრავლესობა არის პოლიტსაბჭოს წევრი და ა.შ. მათი საპატიო თავმჯდომარე და მთელი ეს ვერტიკალი განსაზღვრავს პოლიტიკას სრულად. როდესაც ერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ „ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია“, მან ეს უნდა თქვას, იმიტომ, რომ ამ სფეროშია, იმიტომ, რომ ეს უმძიმესი მდგომარეობა, რაც საგარეო ფრონტზეა, შეარბილოს, მაგრამ, პრაქტიკულად, იმავე პერიოდში, პარტიული ლიდერები სხვა განცხადებებს აკეთებენ. რეალურად სიტყვებს შორის ემუქრებიან „პერსონა ნონ გრატად“ გამოსაცხადებლად. გაძევებით, ჯერჯერობით, თავს იკავებენ და ა.შ. ანუ მუქარაა. მე რომ თქვენ გეუბნებით, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი რაიმე დაგიშავოთ, ე.ი. სადღაც ვფიქრობ, რომ რაიმე დაგიშავოთ ანუ ეს გეგმა მაქვს, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვიტავს, „ვნახოთ როგორ მოვიქცევი“. დღეს ეს პოლიტიკა მთლიანად აწყობილია ავტოკრატიულ პრინციპებზე, სადაც ჩვენ მუდმივად ვხედავთ იმას, რომ სულ მუდმივად სხვას უნდა ედავებოდნენ, სხვას უნდა აბრალებდნენ. ამის მაგალითები არის ყველგან. ბოლო წლების განმავლობაში, ხშირად ვახსენებდი ხოლმე ბელარუსს. სულ ვადარებდი პასუხებს, დინამიკას, იქ როგორ მძიმდებოდა სიტუაცია. ლუკაშენკოც ურთიერთობდა რაღაც პერიოდში ევროპელ ლიდერებთან, ღონისძიებებს აწყობდა და შემდეგ ეს ყველაფერი დამძიმდა. თითქოს, ასეთი დინამიკით მიდის ჩვენთანაც. საბოლოოდ, საერთოდ წარმოუდგენელი ვითარებაა ბელარუსში – პოლიტპატიმრებს ათავისუფლებენ თითქმის ყოველდღიურად და სხვა ნაბიჯებს დგამენ, ჩვენთან ყოველდღიურად ამატებენ პოლიტიკურ პატიმრებს. ასეთ ვითარებაში, ევროკავშირთან ან დასავლეთთან რაიმე ნორმალიზაციაზე საუბარი იქნება ძალიან რთული და პრაქტიკულად, წარმოუდგენელი. მთელი ეს რიტორიკა გათვლილია მათ ელექტორატზე, იმ ადამიანებსა და საზოგადოების იმ ნაწილზე, ვისაც არ მოსწონს ევროპა. ვინც დარწმუნებულია, რომ ევროპა და ევროკავშირთან ურთიერთობა მოიტანს ტრადიციების რღვევას, ლგბტ პროპაგანდის გაზრდას. ნებისმიერი პოსტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირის სიკეთეს შეეხოს, შემოვარდნილი არიან ტროლები და არის ლანძღვა და გინება. ამ ტროლების უკან არსებობენ ადამიანები, ვინც ამ პროცესს მართავს. თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, თუ ამდენი გონი ჰყოფნით და მთლად ასე არ არიან რაღაც რუსულ განწყობებს დაქვემდებარებული, ამ პირობითი ს შემდეგ, როცა რაღაც ციკლი ჩაამთავრეს თავისი ჭკუით, შესაძლებელია რაღაც სხვანაირი პოლიტიკა აირჩიონ. „ცალმხრივი მეგობრობა“ რას ნიშნავს?… ამასთან, გარე ფაქტორების გარეშე საქართველოში მოვლენების განვითარების პროგნოზები რთული წარმოსადგენი იქნება. მაგალითად, უკრაინის ომის დასრულებამ, როგორ დასრულება ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს გეოპოლიტიკურად, როგორი კოალიციაა გარეთ. ტრამპის გადაწყვეტილებები რამდენად სინქრონშია ევროპელ ლიდერებთან და ა.შ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დიდ გავლენას იქონიებს“, – განაცხადა წერეთელმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, როცა ამცირებ დემოკრატიულ სივრცეს, როდესაც სიტყვის თავისუფლებას ზღუდავ, როცა ადამიანებს რეპრესიების ქვეშ ამყოფებ, ზრდი რადიკალიზაციის საფრთხესაც.
„შენ თუ შორდები და დისტანცირებას აკეთებ ევროპასთან, შენ უახლოვდები რუსეთს. სხვა გამოსავალი არ არის. იმიტომ, რომ როგორც ძლიერი მაგნიტი, რომელიც ცდილობს რომ რაღაც მიიკრას, ასეა სამეზობლოში. ეს კონფრონტაცია, რომელიც დღეს არის, პრაქტიკულად, ეს არის ცივი ომი, პერიოდული „მძიმე ცეცხლის“ გახსნით ამის მაგალითია გერმანიის ელჩზე რაც მოხდა. პრაქტიკულად, გერმანიის სახელმწიფოსთან სრულად ჩახსნეს ურთიერთობები იმის გამო, რომ ელჩს დაესხნენ თავს. ეს არის სრულიად კონტრპროდუქტიული. ისეთი ქვეყნის დე-ფაქტო რეჟიმისგან, ხელისუფლებისგან, ვისაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. ის აკეთებს ყველაფერს, რომ ეს მოხდეს, გაფუჭდეს ურთიერთობა გერმანიასთან, შესაბამისად, სხვა ქვეყნებთან. ნებისმიერი კრიტიკა, რომელიც ვალდებულებების შეუსრულებლობას ეხება, პირველ რიგში, არის ის, რომელიც არ შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ხელისუფლებამ. კონსტიტუციურიც და ევროკავშირთან აღებულიც, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ამხელა ისტორიული ცვლილება მოხდეს, საქართველო გახდეს 2030 წელს ევროკავშირის წევრი, რაც ყველას ძალიან გვინდა, ამისთვის ვიბრძვით და ვართ პოლიტიკაში და ეს ყველაფერი მოხდეს ვერბალური მუდმივი დაპირისპირების, ანტიდასავლური რიტორიკის, ელჩებზე მუქარის და ა.შ? ეს არის წარმოუდგენელი. ეს არის ტყუილი და ამით გამოკვება ელექტორატის, რომ ჩვენ ამას კი ვაკეთებთ, მაგრამ მაინც დასავლეთთან მივდივართ, „ცალმხრივ მეგობრობაში“ ვართ, რას ნიშნავს?… მეგობრობის მაგალითი არის ის, რომ ჯერ არ გაუძევებიათ ელჩები? ეს არის მეგობრობის მაგალითი? ვინმემ რომ გითხრათ, მე ვარ კარგი ადამიანი იმიტომ, რომ თქვენ აქამდე არ მოგწამლეთ, არ გესროლეთ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს ნორმალური მოვლენაა. ეს ნიშნავს იმას, რომ „ცალმხრივი მეგობრობაა“?! ცალმხრივი მეგობრობა არ არსებობს. დღეს ჩვენ ვხედავთ ცალმხრივ მეგობრობას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც ხელს არ უშვებენ ჯერ კიდევ საქართველოს, რომლებიც ზოგავენ მართლა დასასანქცირებელ ადამიანებს ბოლომდე, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს და ცდილობენ, რომ საქართველოს მოსახლეობა არ დაზარალდეს, ქვეყანა არ ჩავარდეს ისევ რუსულ ორმოში.
როცა ამცირებ დემოკრატიულ სივრცეს, როდესაც სიტყვის თავისუფლებას ზღუდავ, როცა ადამიანებს რეპრესიების ქვეშ ამყოფებ, ზრდი რადიკალიზაციის საფრთხესაც. რაც უფრო კედელთან მიაყენებ ადამიანებს, რაც უფრო მძიმეა მათი ცხოვრება, რაც უფრო ნაკლები უხდება დასაკარგი, ისინი უფრო სასოწარკვეთილ ნაბიჯებზე შეიძლება წავიდნენ. ხელისუფლება ამ ჩხიკინის, ნავთის დასხმის პროცესშია მუდმივად და ისე ავიწროებს ამ სივრცეს, დემოკრატიულ სივრცეს. ეს კი თავისუფალი საზოგადოებისთვის არის მთავარი ამოცანა და ამისთვის არის ამ პროტესტში ეს ხალხი, რომ არ ჰქონდეთ ეს დავიწროებული სივრცე. ეს მათი ბრალია ბუნებრივია რაც ხდება. შესაბამისად, ევროპელი პარტნიორების ამ განცხადებებშიც სწორად არის საუბარი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე“, – განაცხადა წერეთელმა.
გარდა ამისა, გადაცემაში სტუმრობისას მან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო ღალატიც, ავანტიურაც, სახელმწიფოს კონსპირაციაც, დაგეგმილი ოპერაციაც, თუმცა რეალურად რა მოხდა არავისთვისაა ცნობილი.
„ძალიან დიდი გულისტკივილით მინდა ვახსენო ადამიანები, ვისაც წლებია ვიცნობ. ზოგი უფრო ახალგაზრდაა, მაგრამ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. პარლამენტშიც ვყოფილვართ ერთად, მურთაზ ზოდელავაა თუ , იგივე ირაკლი ნადირაძე. ვიცნობ ასევე პროფესიონალი იყო, ლაშა ბერიძე. პაატა ბურჭულაძე ყველასთვის სულ სხვა რანგის ადამიანი იყო. წარმოუდგენელია ჩემთვის ამის განცდა, რომ ეს ადამიანები ასეთი ბრალდებებით არიან საპატიმროში. მთავარი კითხვაა, რა მოხდა 4 ოქტომბერს? – ჩვენ შეგვიძლია ვარაუდები გამოვთქვათ. რეალურად არც ღრმა სიმართლე და არც ზედაპირული, არც რაიმე გეგმის ან რაღაცის თაობაზე, არავისთვის ეს არ არის ცნობილი. არ ვიცი ღალატიც შეიძლება იყოს, ავანტიურაც შეიძლება იყოს, სახელმწიფოს კონსპირაციაც, დაგეგმილი ოპერაციაც, ამის ნიშნებიც არის. ჩემთვის, როგორც იქ მისული ყველასთვის, ეს 4 ოქტომბერი იყო ერთ-ერთი აქცია. ჩვენ ამაზე ადრეც ვლაპარაკობდით. სულ ვამბობდით, რომ აქციები ეს არის ამ მართლაც მნიშვნელოვანი პროტესტის ფორმა. რაც უფრო მეტი ადამიანია და მრავალრიცხოვანი, ეს არის ამ ამბის ანაბანა. არავის არასდროს არ ჰქონია არანაირი გეგმა, ძალადობრივი. მეტი ადამიანი მეტ ზეწოლას ახორციელებს მორალურს და პოლიტიკურს იმაზე, რომ ხელისუფლებამ რაღაც შეცვალოს. მთელ მსოფლიოში ასეა. ვის უნდა მცირერიცხოვანი აქცია? ყველას უნდა რომ აქცია იყოს დიდი. მხოლოდ ამან შეიძლება დააფიქროს, თუ ვინმეს კიდევ ფიქრის უნარი აქვს, ამდენი ხალხი რომ რაღაცას ეუბნება… როცა იქ რაღაც მოწოდებები გაისმა, წავიდეთ ორბელიანის მოედნისკენო, ვინც იქ იყო ყველამ ნახა ეს და ვნახეთ ჩვენი თვალით, რომ ადამიანების უმეტესობა არსად წასულა. რუსთაველის გამზირზეც, თავისუფლების მოედანზეც და ა.შ.
ეს რას ნიშნავს? ადამიანებს რაიმე ჩანაფიქრი, რომ ჰქონოდათ ძალადობის ან სადღაც მივარდნის. ეს ასე არ იყო. არ ვიცი ეს შეცდომა იყო, დაუგეგმავი, ვიღაცის ღალატი თუ სხვა. არარეალური მოლოდინი, რომელზეც ადრეც გვისაუბრია, სადღაც რაღაცაში ჩავარდებოდა, რომელსაც ხელს ჩასჭიდებდნენ და ექნებოდათ საფუძველი, რომ ადამიანები დაეკავებინათ და მთელი პროტესტი გაეშავებინათ. მაგრამ არ მოხდა ეს. 5 ოქტომბერს ხალხი გამოვიდა, 6 ოქტომბერს ხალხი გამოვიდა. პროტესტს შეექმნა სირთულე, ბუნებრივია. ეს არჩევნები არ იყო არჩევნები. ამის შედეგები ძალიან მძიმედ დამთავრდა ოპოზიციისთვის, ვინც იქ მონაწილეობდა და ხელისუფლებისთვისაც იმ ციფრებით რაც არის. ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა თანმიმდევრულები ვყოფილიყავით. პარლამენტში რომ არ შევიდა ხალხი, თანმიმდევრულად წასულიყო პროცესები და უფრო რთულ მდგომარეობაში იქნებოდა ხელისუფლება. ასე მშვიდობიანად, დემოკრატიულად უფრო იოლად შეიძლებოდა ყოფილიყო მათ გადაწყვეტილებებზე ზეწოლა. მთავარია ხალხმა შეინარჩუნოს და შეინარჩუნა კიდეც განწყობა, არ შეგუება ამ თავისუფლების, დამოუკიდებლობის დაკარგვასთან და ისევ რუსეთის ორბიტაზე ტრიალი ათწლეულები. ამას არ უნდა შევეგუოთ. ასევე, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა იზრდება და ყველასი. საზოგადოების ნაწილისაც დღეს, ამ რთულ მოცემულობაში. ამიტომ ახლა ერთმანეთის გაშავება და წინ გადახტომა, დაბრალება არ არის საქმე, ეს გააუარესებს ყველაფერს. ვიფიქროთ რაციონალურ, სწორ გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.