გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გოგობერიშვილი გარდაცვლილი ავტოფარეხში იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, გოგიბერაშვილის ცხედარი მეზობლებმა იპოვეს. “ტვ პირველთან” საუბრისას ისინი ჰყვებიან, რომ გვიან ღამით გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ავტოფარეხთან მივიდნენ და დავით გოგობერიშვილი იპოვეს გარდაცვლილი. ამის შემდეგ ის გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში. ჯერჯერობით არავინ საუბრობს იმაზე, თუ რა მოხდა ზუსტად.
ცნობისთვის, დავით გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები რამდენიმე თვის წინ დატოვეს. აღნიშნულ ფაქტს, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებდნენ.
ადვოკატები,რომლებსაც გოგიბერიშვილთან სამსახურებრივი შეხება ჰქონდათ, სოციალურ ქსელში ავრცელებენ პოსტებს:
თორნიკე მიგინეიშვილი: “შემზარავია გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი უფროსის ამბავი.დავითი 16 იანვარს გავიცანი, როცა, წლების შემდეგ, პირველად ანდროსთან ციხეში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები შევიყვანე. რა თქმა უნდა, მისი როლი დიდი იყო ამ ამბავში.რთულად მოიძებნება პატიმარი, რომელიც დავითის მიმართ პრეტენზიას გამოხატავდა.ის იყო პროფესიონალი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა (კანონის ფარგლებში) გვერდში დასდგომოდა თითოეულ პატიმარს და მათთვის მოეგვარებინა ყოველდღიური საჭიროებები.განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა სინდისის პატიმრების მიმართ.სამწუხაროა, ძალიან”.
ლაშა ცუცქირიძე: “N8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორის გარდაცვალების ფაქტზე აუცილებლად უნდა ვთქვა 1-2 სიტყვა.პოსტი ასახავს მხოლოდ ჩემს გამოცდილებას და არ ემსახურება სხვა მიზნებს.არ მახსენდება გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელსაც პირადად დავით გოგობერიშვილის მიმართ უკმაყოფილება ჰქონია.ყოველთვის გამოირჩეოდა დიდი ყურადღებით – ყოველ შემთხვევაში, ჩემი დასაცავი პირების მიმართ.განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქციაზე დაკავებული ბიჭების კონკრეტული დანაბარები პირადად მიმქონდა – ყურადღებით მისმენდა, ინიშნავდა (ზოგჯერ იქვე მოუგვარებია) და უთქვამს მომავალში პირადად მითხრან ნებისმიერი საკითხი, რაც აწუხებთო…არ ვიცი, რა დავწერო მეტი ამ ადამიანზე, ნებისმიერ შემთხვევაში ვწუხვარ, ძალიან ცუდი ამბავია”.
