ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში მას შემდეგაც აფინანსებს პრორუსულ ტელეკომპანია „ობიექტივზე“ გადაცემა „ჩინურ პანორამას“, რაც ახალმა კანონმდებლობამ მაუწყებლებს აუკრძალა „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღება. დაფინანსება მცირე მოცულობისაა.
ეს გარემოება გამოაჩინა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკურ პორტალზე განთავსებულმა მონაცემებმა, – რაც თავდაპირველად გააშუქა „მედიის განვითარების ფონდის“ პლატფორმა „მედიამეტრმა“.
რას კრძალავს კანონი?
2025 წლის 1 აპრილიდან მაუწყებლებს „უცხოური ძალებისგან“ დაფინანსების მიღება აეკრძალათ.
გამონაკლისია კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება – ეს ყველაფერი არ იკრძალება.
ეს ნორმა მოქმედებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების საფუძველზე. ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.
ამავე კანონით, აკრძალულია „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, პროგრამის მომზადების თუ ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება და თანადაფინანსებაც.
ამ ცვლილებების ამოქმედების შედეგად, რადიო თავისუფლებამ შეაჩერა პროექტი „დილის საუბრები“, რომელიც ჟურნალისტ ნინო გელაშვილს მიჰყავდა – მიღებულმა ცვლილებებმა რადიო თავისუფლებას აღარ დაუტოვა „რადიო პალიტრის“ ეთერით სარგებლობის შესაძლებლობა.
რა არის „უცხოური ძალა“?
ზემოთ ჩამოთვლილი ნორმები გაწერილია მაუწყებლობის კანონის 66-ე პრიმა მუხლში. იქვეა განმარტებული, ამ შემთხვევაში რა იგულისხმება „უცხოურ ძალაში“:
· „უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
· ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
· იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული;
· ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული“.
ცვლილებები “საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
როგორც „მედიამეტრი“ წერს, ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევების განხილვისა და მაუწყებლისთვის სანქციის შეფარდების უფლებამოსილება მარეგულირებელს – კომუნიკაციების კომისიას – 2025 წლის 1 ივნისიდან განესაზღვრა.
რა ხდება ჩინეთის საელჩოს და “ობიექტივის” შემთხვევაში?
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკურ პორტალზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, „მედია-კავშირ ობიექტივს“ 2025 წლის მეორე კვარტალში – ანუ აპრილ-ივნისის შუალედში – ჩინეთის საელჩოსგან აქვს დაფინანსება მიღებული.
ComCom-ის პლატფორმას ორი კატეგორია აქვს, სადაც დაფინანსების წყაროები ჩანს: „ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ“ და „კვარტლის განმავლობაში 7000 ლარზე მეტი დაფინანსების წყარო“.



