რა იცვლება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერება-გაუქმების კანონმდებლობაში?

7 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომლითაც იოლდება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს ან არღვევენ ადამიანის უფლებებს.
სამშაბათს გამართული კენჭისყრის შედეგად, ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის რეფორმა 61 ქვეყნის (მათ შორის – საქართველოს) მიმართ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ 90 დღემდე ვადით უვიზოდ შესვლა შენგენის სივრცეში ნებისმიერ 180-დღიან მონაკვეთში.
კანონმდებლობა, რომელიც არაოფიციალურად შეთანხმებული იყო ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შორის, დამტკიცდა 518 ხმით. 96-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 24-მა თავი შეიკავა. ეს ცვლილებები ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს ევროპულმა საბჭომ და ამოქმედდება 20 დღეში მას შემდეგ, რაც ის გამოქვეყნდება “ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში”.
ევროპარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, მექანიზმი შესაძლებლობას აძლევს ევროკომისიას ხელახლა დაუწესოს სავიზო მოთხონები ცალკეულ ქვეყანას, თუკი წამოიჭრება უსაფრთხოების საკითხები – თავდაპირველად ეს მოხდება დროებით, გამოძიებისა და დიალოგის მოლოდინში, შემდგომ კი – საბოლოოდ, თუკი პრობლემები გადაუჭრელი დარჩება.
უვიზო მიმოსვლის შეჩერებისა და გაუქმების საფუძველთა ჩამონათვალშია უსაფრთხოების საკითხები (მათ შორის კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების მიერ მძიმე დანაშაულების ჩადენის სიხშირე) და თავშესაფრის წარუმატებელი მოთხოვნების რაოდენობის “არსებითი” ზრდა, აგრეთვე ევროკავშირში შესვლაზე უარის თქმის ან ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევების ზრდა.
ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებები ადგენს უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ საფუძვლებს, ესენია: ჰიბრიდული საფრთხეები (როგორებიცაა სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია); ინვესტორებისთვის მოქმედი მოქალაქეობის სქემები (ე.წ. “ოქროს პასპორტები), რომლებიც უსაფრთხოების პრობლემებს ქმნის; ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა; გაეროს ქარტიის, ადამიანის უფლებათა ან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა. ეს დამატებითი ფაქტორები შესაბამისობაშია ვიზაზე უარის თქმის მიზეზებთან და მიზნად ისახავს შემაკავებელი ეფექტის შექმნას. არსებული საფუძვლები, მათ შორის უსაფრთხოების პრობლემები და რეადმისიის პროცესში თანამშრომლობის არარსებობა, რჩება უვიზო მიმოსვლის შეჩერებისა და გაუქმების მიზეზთა შორის.
ევროპარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, განახლებული კანონი ევროკავშირს ანიჭებს მეტ მოქნილობას მთავრობის იმ ჩინოსნებისთვის ვიზების შეჩერებაში, ვინც შესაძლოა იყოს პასუხისმგებელი მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებისა და სხვა სახის დარღვევებზე.
განახლებული კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ნებართვის გარეშე ევროკავშირში დარჩენისა და სისხლის სამართლის დანაშაულების რაოდენობის ზრდა “არსებითად” ჩაითვლება, თუკი ის 30%-ს მიაღწევს. თავშესაფრის მიღებაზე განაცხადების დაკმაყოფილების რაოდენობა მცირედ ჩაითვლება, თუკი ის 20%-მდეა. კარგად დასაბუთებულ შემთხვევებში, ევროკომისიას აგრეთვე შეეძლება საერთოდაც უგულებელჰყოს სტატისტიკური მონაცემები და გადაწყვეტილება სხვა საფუძვლებით მიიღოს.
ევროპარლამენტში უვიზო მიმოსვლის საკითხზე მომხსენებელმა, სლოვენიელმა დეპუტატმა მატიაშ ნემეცმა განაცხადა:
“ევროპა რჩება ყველაზე მიმზიდველ კონტინენტად ტურისტებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, შესაბამისად, ჩვენი სავიზო პოლიტიკა არის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უძლიერესი ინსტრუმენტი”. ნემეცის თქმით, ამ მექანიზმის რეფორმა კიდევ უფრო განამტკიცებს ევროკავშირის ერთგულებას ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლისადმი.
ახალი წესებით, ევროკომისიას (კონკრეტული წევრი ქვეყნისგან წინადადების მიღების შემდეგ ან საკუთარი ინიციატივითა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტიდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით) შეეძლება ცალკეული მესამე ქვეყნიდან შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესის დაწყება. ამ დრომდე უვიზო მიმოსვლა ევროკავშირმა მხოლოდ ერთხელ – ვანუატუსთვის გააუქმა.
რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლება, ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერება-გაუქმებისთვის შემოთავაზებული განახლებული წესები, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც, ერთი კონკრეტული ქვეყნის – საქართველოს გათვალისწინებით შეიქმნა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს ევროპაში დივერსიებისა და დესტაბილიზაციისთვისაც იყენებენ – ტანკერებიდან დრონების გაშვების შემთხვევები ერთ-ერთი ასეთი მაგალითია

4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი – ვახტანგ ფიცხელაური სასამართლოს მიაწოდებს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან დაკავშირებით