4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული 5 პირის მოსამართლე – ის გარემოება, რომ ოდესღაც საკრებულოს წევრი ვიყავი, არ ნიშნავს, რომ ობიექტური არ ვიქნები

ჩემი მოსამართლედ დანიშვნა ჩემს საკრებულოში მოღვაწეობას არ უკავშირდება, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა განაცხადა.
სხდომაზე ადვოკატებმა მისი აცილების შუამდგომლობა დააყენეს, ვინაიდან მოსამართლე მარიდაშვილი წარსულში საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარე იყო და ის საქმეზე მათი თქმით, ობიექტური ვერ იქნებოდა.
პროკურატურა შუამდგომლობას არ დაეთანხმა. საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა აცხადებდა, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.
„თქვენი წინარე განცხადება არ შეიძლება იყოს თქვენი აცილების საფუძველი“, – მიმართა მოსამართლეს თოდუამ. მას კითხვით მიმართა ერთ-ერთმა ადვოკატმა, „ბიძინა რომ იყოს მოსამართლე, არც ის უნდა აეცილებინათ თუ არა”?
„შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსამართლის აცილების თაობაზე, იმ მოტივით, რომ გარკვეულ წლებში საკრებულოს წევრი და მოადგილე ვიყავი, არ დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებით: ჩემი ბიოგრაფია საჯაროდაა გამოქვეყნებული, ეს გარემოება არასდროს დამიმალავს. ჩემი მოსამართლედ განმწესება კანონით დადგენილი წესით მოხდა და ჩემს მოღვაწეობას არ უკავშირდება.
ამასთან, საქმეთა განაწილება ელექტრონულად ხდება. ის გარემოება, რომ ოდესღაც საკრებულოს წევრი ვიყავი, არ ნიშნავს, რომ ობიექტური არ ვიქნები. მას შემდეგ გარკვეული წლები გავიდა. ჩემი მოსამართლედ დანიშვნა ჩემს საკრებულოში მოღვაწეობას არ უკავშირდება“, – განაცხადა მარიდაშვილმა.