თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” ლიდერების – პაატა ბურჭულაძის, ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერის პაატა მანჯგალაძისა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
სახელმწიფო ბრალდება ხუთივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი დაკავებულების მიმართ სავარაუდოდ, გირაოს გამოყენებას.
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სხდომათა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.
როგორც ბასიალაია განმარტავდა, დარბაზის ზომიდან გამომდინარე, ბევრი ადამიანი გარეთ დარჩა, რის გამოც, მან მოსამართლეს სხვა დარბაზის მოძიების თხოვნით მიმართა. იგივე პოზიცია დააფიქსირეს სხვა ადვოკატებმაც. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე.
როგორც პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა განმარტა, ეს პროცესის გაჭიანურებას ემსახურება, რადგან ისედაც სხდომა დაგვიანებით დაიწყო ადვოკატების მიზეზით. მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დარბაზი არ შეცვალა. მარიდაშვილის განმარტებით, „საკმაოდ დიდი ზომის დარბაზი შეირჩა, საკმაოდ ბევრი ადამიანი ესწრება სხდომას, მათ შორის, ჟურნალისტები, დარბაზში კი იმდენი ადამიანი უნდა იყოს, რამდენიც ეტევა”.




