თუ დონალდ ტრამპი სი ძინპინს დაარწმუნებს, რომ ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე უარი თქვას, მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი ნობელის პრემიას დაიმსახურებს, – ამის შესახებ ტაივანის პრეზიდენტმა, ლაი ჩინგ-ტემ განაცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა გაგრძელდება. თუ პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს სი ძინპინის დარწმუნებას, რომ ტაივანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაზე სამუდამოდ უარი თქვას, ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდება“, – განაცხადა ლაიმ.
მისი თქმით, „ჩინეთი თავისი სანაპიროებიდან მოშორებით სამხედრო მოქმედებებს ზრდის“.
„ეს გამოწვევა მხოლოდ ტაივანის ანექსიას არ ეხება. ტაივანის ანექსიის შემთხვევაში, ჩინეთი კიდევ უფრო გაძლიერდება, რათა საერთაშორისო არენაზე აშშ-ს წინააღმდეგობა გაუწიოს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ძირი გამოუთხაროს“, – აღნიშნა ტაივანის პრეზიდენტმა.
