საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა ბრუნო ლე მერმა. ის ამ პოსტზე 5 ოქტომბერს დაინიშნა.
მეორე დღეს, 6 ოქტომბერს გვიან საღამოს ლე მერმა სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ პრეზიდენტს მიმართა, გაიყვანოს მთავრობის შემადგენლობიდან, რაზეც თანხმობა მიიღო.
ბრუნო ლე მერის განცხადებით, თავდაცვის მინისტრობას დასთანხმდა, რათა რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ემსახურა საფრანგეთისა და ფრანგებისთვის, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ ზოგიერთებში გაუგებარი და არასწორი რეაქციები გამოიწვია. ლე მერის თანახმად, ქვეყნისა და ინსტიტუტების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს, ამიტომ გადადგომა გადაწყვიტა და იმედი აქვს, რომ ეს ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების განახლებას ახალი მთავრობის ფორმირების მიზნით.
5 ოქტომბერს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ წარადგინა მთავრობის განახლებული შემადგენლობა, მათ შორის თავდაცვის ახალი მინისტრი ბრუნო ლე მერი.
განახლებულ მთავრობაში მინისტრების უმრავლესობა პრეზიდენტ მაკრონის ლიბერალური პოლიტიკური გუნდიდანაა. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა გააკრიტიკეს როგორც ულტრამემარჯვენეებმა, ასევე რესპუბლიკელებმა, რომლებსაც მთავრობაში რამდენიმე მინისტრი ჰყავთ.
რესპუბლიკელების აღშფოთება გამოიწვია სწორედ ბრუნო ლე მერის დანიშვნამ. ის ყოფილი რესპუბლიკელია და პარტია მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც 2017 წელს მხარი დაუჭირა ემანუელ მაკრონს.
6 ოქტომბერს, როცა საფრანგეთის მთავრობის განახლებული შემადგენლობის პირველი სხდომა უნდა გამართულიყო, თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი სებასტიენ ლოკორნუ.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავისი ლიბერალური პარტიის წარმომადგენელი, 39 წლის სებასტიენ ლეკორნუ პრემიერ-მინისტრად 2025 წლის 9 სექტემბერს დანიშნა მას შემდეგ, რაც წინა დღეს საფრანგეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს მთავრობას. მის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტს, რომელიც ითვალისწინებდა სოციალური ხარჯების შემცირებას, მხარი არ დაუჭირა არც მემარჯვენე და არც მემარცხენე ოპოზიციამ.
ლეკორნუს დაევალა საპარლამენტო პარტიებთან კონსულტაციები ქვეყნის ბიუჯეტზე კონსენსუსის მისაღწევად, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინა სოციალისტების ზოგიერთი მოთხოვნა, მათი მხარდაჭერის საკითხი საბოლოოდ გარკვეული არ არის.
ფორუმი
