რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 50-ზე მეტი რაკეტა და 500-მდე თავდასხმის დრონი გამოიყენა, დღეს რუსები კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს ჩვენს ინფრასტრუქტურას – ყველაფერს, რაც ჩვენი ხალხის ნორმალურ ცხოვრებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, რუსების სამიზნე ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ხერსონის, ოდესისა და კიროვოგრადის ოლქები იქცა. ზელენსკის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ თავდასხმის შედეგად დაახლოებით ათი ადამიანი დაშავდა და ხუთი დაიღუპა.
„გვჭირდება მეტი დაცვა და ყველა თავდაცვითი შეთანხმების, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების, უფრო სწრაფი განხორციელება, რათა ეს საჰაერო ტერორი უშედეგო გახდეს. ცაში ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია და სწორედ ეს შეიძლება გახდეს გზა რეალური დიპლომატიისკენ. ამერიკამ და ევროპამ უნდა იმოქმედონ, რათა პუტინი შეაჩერონ“, – წერს ზელენსკი.
