აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას განიხილავს.
ამის შესახებ ვენსმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.
“ევროპელების მხრიდან მოთხოვნების გარკვეულ რაოდენობას ნამდვილად განვიხილავთ. […] ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს. რასაც პრეზიდენტი გააკეთებს, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში იქნება. ეს არის მისი საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებისა და თავდაცვის პოლიტიკის გადაწყვეტილებების მამოძრავებელი ძალა და ეს იქნება იგივე ევრისტიკული პრინციპი, რომელსაც Tomahawk-ების შესახებ ამ კითხვისთვის პასუხის გაცემისას გამოვიყენებთ. ამის შესახებ ლაპარაკს პრეზიდენტს დავუთმობ, თუმცა ვიცი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრები ამ წუთასაც გვაქვს”. – თქვა ვენსმა.
პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ტრამპმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშების მიტანის ნება დართო.
27 სექტემბერს WSJ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ტრამპს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომელთა მოქმედების რადიუსი 2 400 კილომეტრს აღემატება.
WSJ ასევე წერდა, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები შემდეგ კვირას ვაშინგტონში ვიზიტით ჩავლენ, რათა აშშ-ს თავდაცვის მინისტრთან, პიტ ჰეგსეთთან მოლაპარაკებები გამართონ.
ცნობისთვის, 23 სექტემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში რუსეთი “ქაღალდის ვეფხვს” შეადარა და დაწერა, რომ უკრაინას რუსეთისგან მთელი ტერიტორიის უკან დაბრუნება შეუძლია.
მოგვიანებით, Fox-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხეს, გაკვირვებულია თუ არა ტრამპის ბოლო გზავნილით, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთისგან ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება.
ზელენსკის თქმით, ტრამპი ხედავს რომ უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს არ სურს ომის დასრულება, რის გამოც აშშ მზად არის უკრაინას ბოლომდე გვერდში ედგეს.