პროკურატურამ საქმე აღძრა „პირველი არხისა“ და „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის გამო

საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა 4 ოქტომბრის აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტური საქმიანობაში ხელისშეშლის გამო.
ორივე ინციდენტი თბილისში, ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლესთან მოხდა:
· პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს სახედაფარულმა ადამიანმა გაურკვეველი სითხე შეასხა პირველი არხის ჟურნალისტ შალვა სუმბაძეს და სავარაუდოდ, მის ოპერატორს – სავარაუდოდ, ჟურნალისტს ჰქონდა წვის შეგრძნება, რაც გამოიხატა მიმიკითაც;
· ტელეკომპანია „იმედი“ იუწყება, რომ იმავე ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ არხის თანამშრომლებს, დაზიანდა ტექნიკაც.
„ათონელის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ხელი უკანონოდ შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია იმედის გადამღებ ჯგუფებს“, – აცხადებს პროკურატურა.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით – ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
თვითმმართველობის ს პარალელურად დაგეგმილი აქცია 4 ოქტომბერს, რომლის საორგანიზაციო კომიტეტშიც იყვნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, “მშვიდობიან რევოლუციას” ისახავდა მიზნად. საღამოს 8-ის ნახევრისთვის თავისუფლების მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილმა ათონელისკენ გადაინაცვლა, პრეზიდენტის სასახლის ასაღებად – სასახლეში შეჭრის მცდელობისას სპეცრაზმმა შეტევა წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით მოიგერია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა