მკაცრი ზომები იქნება მიღებული ქუჩაში დღეს, რა თქმა უნდა, აღიკვეთება ძალადობის ნებისმიერი მცდელობა, მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეების განმავლობაშიც , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, რაც ვიხილეთ ათონელის ქუჩაზე, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.
„როგორც ჩანს მათ ჰქონდათ იმედი, რომ რეალურად იმაზე მეტი ადამიანი მივიდოდა დღეს ქალაქის ცენტრში, ვიდრე რეალურად მივიდა. როდესაც დაინახეს, რომ უკვე 20:00 საათი ხდებოდა და თავისუფლების მოედანი სანახევროდაც არ იყო შევსებული, მათ გადაწყვიტეს ეჩქარათ და იმთავითვე გადავიდნენ ძალადობრივ ქმედებებზე. მათ ჰქონდათ დაანონსებული კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა და იმისათვის კონკრეტული ზომებიც მიიღეს. ჩვენ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ მივიღებდით უმკაცრეს ზომებს, ეს მკაცრი ზომები იქნება მიღებული ქუჩაში დღეს, რა თქმა უნდა, აღიკვეთება ძალადობის ნებისმიერი მცდელობა, მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეების განმავლობაშიც. რაც ჩვენ ვიხილეთ ათონელის ქუჩაზე, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თითოეული ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ამ ძალადობრივ აქტში, რა თქმა უნდა, მიეცემა პასუხისგებაში. ეს იყო ძალიან ცხადი და ღია დანაშაული. ყველა მიმართულებით გვაქვს მკაცრი გაფრთხილება, ქუჩაში მიიღებენ პასუხს ნებისმიერ ძალადობაზე და ამის შემდეგაც კანონი იქნება მკაცრი მათ მიმართ. მე ვივარაუდე, რომ 30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადის დაჭერა მოგვიწევდა ამ ძალადობის ფონზე და ხედავთ, რომ რეალურად აქეთკენ წაიყვანეს პროცესები. დანარჩენი დაელოდონ პასუხს. პასუხი იქნება მკაცრი. მათი სიურპრიზი შეიძლება ეს იყო, რომ პრეზიდენტის სასახლეს შეუტიეს, ელოდნენ, რომ ათონელზე არ იქნებოდა სპეცრაზმი, თუმცა მიიღეს სიურპრიზზე ცოტა უფრო დიდი სიურპრიზი და უცბად გამოვიდა სპეცრაზმი შენობიდან. ყველა ასე პატარა სიურპრიზზე მიიღებენ უფრო დიდი სიურპრიზს. მთავარი სიურპრიზი იქნება ის, რომ მთლიანად განეიტრალდება ეს პოლიტიკური ძალა, უცხოური აგენტურა და ამათ აღარ მიეცემათ ქართულ პოლიტიკაში აქტიურობის საშუალება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
