ჩვენ ვხედავთ, რომ დასრულდა ყველანაირი ლეგიტიმაცია, თუ რამე ჰქონდა – ფორმალური, არაფორმალური. ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს, ამიტომ შეუძლებელია ახლა დავთმოთ პოზიციები, – ამის შესახებ მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.
მან მოქალაქეებს ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდა.
„პირველ რიგში, მინდა, რომ შემომხედოთ მე, არაფერი საშიში არ არის იმაში, რომ სპეცრაზმელს შეერკინები. შევერკინე, როგორც ხედავთ, საღ-სალამათი ვარ და ბრძოლისუნარიანი ვარ კვლავ, როგორც ქართველი ხალხი თავისი ბუნებით, უდრეკი და უღალატო ადამიანები.
ახლა რაც შეეხება ბრძოლის ტაქტიკას, ჩვენ ვხედავთ, რომ დასრულდა ყველანაირი ლეგიტიმაცია, თუ რამე ჰქონდა – ფორმალური, არაფორმალური. ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს, ამიტომ შეუძლებელია ახლა დავთმოთ პოზიციები, შეუძლებელია ახლა ჩვენ ერთმანეთს არ ვამხნევებდეთ, ამიტომ რაც გვჭირდება ახლა ჩვენ, ქართველებო, გადაეცით ერთმანეთს – ყველა, ვინც ახლა არის თბილისი ქუჩებში, ყველა არის ბრძოლის ფერხულში და ეს არის ჩვენი ბრძოლის მეთოდი – უნდა გავტეხოთ მათი შესაძლებლობები, უნდა დავღალოთ და უნდა მივიყვანოთ გამარჯვება ბოლომდე“, – განაცხადა ზოდელავამ.
მან ასევე „ქართული ოცნების“ ოფისის მიმართულებით დაანონსებულ მსვლელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო ტაქტიკური სვლა, რათა სპეცრაზმი სხვა ლოკაციაზე გადასულიყო.
„ეს იყო ტაქტიკური სხვა და ჩვენ ვნახეთ, რომ ჩაიხსნა გარკვეულწილად სპეცრაზმი და გადააადგილეს იმ ოფისისკენ, როგორც კი ივანიშვილი ვახსენეთ. ეს არის ტაქტიკური სვლები, ახლა ჩვენ გვჭირდება უფრო დამღლელი ტაქტიკური სვლები.
ზუსტად ვიცი, რომ უკან დასახევი გზა არ არის. ყოველ დილით, როცა ჩვენ გავიღვიძებთ, გვექნება ბრძოლის შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენ ვერ გავიღვიძებთ დამარცხებულები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, ჩვენ ვიმარჯვებთ და ჩვენ უკან არ დავიხევთ“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
