შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებების გამო, “ღრმა შეშფოთება” გამოხატა. კერძოდ, თამარ ტალიაშვილის დაბარება “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებს უკავშირდება “ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების” შესახებ.
ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები უპასუხისმგებლოდ ავრცელებენ მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რამაც გამოიწვია საზოგადოების შევიწროებისა და დაშინების კამპანია, რომელიც მთლიანად ცრუ ინფორმაციაზეა დაფუძნებული“, – წერილობით უპასუხა “რადიო თავისუფლების” კითხვას საქართველოში აშშ-ის საელჩოს სპიკერმა.
საელჩოს სპიკერის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიბარა საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, რათა “სერიოზული წინააღმდეგობა გამოეთქვა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომლებიც აძლიერებენ მედიაში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც არასწორად ახასიათებს აშშ-ის მთავრობის რუტინულ ფინანსურ ტრანსფერებს აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლების მიმართ”.
