მოკლედ
· არჩევნები ტარდება – 64 მუნიციპალიტეტში;
· მერს ირჩევენ – 64 მუნიციპალიტეტში;
· აირჩევა საკრებულოს 2058 დეპუტატი;
· საზღვარგარეთ უბნები – არ იხსნება;
· ამომრჩეველთა რაოდენობა – 3 513 818;
· ელექტრონულად ხმას აძლევს – 3 130 348;
· პირველად ხმის მიცემის უფლება აქვს – 47 000-მდე ადამიანს;
· გადასატანი ყუთი მოითხოვა – 60 754-მა.
ხვალ, 4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში მოიგებს, ოპოზიციის ნაწილს, რომელმაც კანდიდატები დააყენა, ქალაქების „გამოგლეჯის“ იმედი აქვს.
დამკვირვებლები
· 28 საერთაშორისო დამკვირვებელია – მათ შორის ყველაზე მეტი (20 ადამიანი) სერბეთში რეგისტრირებულმა Association „ALTERFACT“ დაარეგისტრირა;
· 27 ადგილობრივი ორგანიზაცია – მათ შორის ყველაზე მეტი დამკვირვებელი ჰყავს „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიას“ (2973) და „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერს“ (2902).
· არჩევნებს პირველად არ აკვირდებიან მრავალწლიანი სადამკვირვებლო გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები: „სამართლიანი არჩევნები“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და სხვები.
· მისიას არ აგზავნის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი. ორგანიზაციის წარმომადგენლობის განცხადებით, 4 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებით ადრე მიწვევა „არასაკმარის დროს ტოვებს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის“.



