საქართველოს მთავრობის ახალი რეპრესიული კანონების პირველი სამიზნე მედია გახდა — CPJ

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უკან გაიწვიოს ახალი რეპრესიული კანონები უცხოური დაფინანსების შესახებ, რომლის ფარგლებშიც „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო გამოძიება დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინააღმდეგ.
„საკვირველი არ არის, რომ პირველი სამიზნე ახალი რეპრესიული კანონებისა ის ორგანიზაციები გახდნენ, რომლებიც თავისი დამოუკიდებლობით არიან ცნობილი და რომლებიც სენსიტიურ თემებს აშუქებენ“, — განაცხადა CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა გულნოზა საიდმა, — „საქართველომ უნდა გაიწვიოს რეპრესიული კანონები გრანტების შესახებ, უცხოური აგენტების შესახებ და საშუალება მისცეს დამოუკიდებელ მედიას, რომ შევიწროების გარეშე განაგრძოს ფუნქციონირება“.
ორგანიზაცია წერს, რომ უკანასკნელ კვირაში 5-მა მედიამ და მედიაორგანიზაციამ მიიღო ანტიკორუფციული ბიუროსგან მოთხოვნა ინფორმაციაზე გრანტების შესახებ კანონის ფარგლებში: აიფაქტმა, მთის ამბებმა, ფლანგვის დეტექტორმა, პროექტმა 64, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.
CPJ ხაზს უსვამს, რომ მედიასაშუალებების ნაწილმა შეწყვიტა უცხოური გრანტების მიღება ახალი რეპრესიული კანონების გამო. ზოგიერთმა კი სასამართლოს განჩინების გარეშე ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა. მედიების ნაწილი მოხალისეობრივად აგრძელებს ფუნქციონირებას, ან შეზღუდული ხელფასის პირობებში, „გადარჩენის რეჟიმში“ და მათ ნაწილს მსგავსი კრიზისი არ ახსოვს.
„უცხოური დაფინანსების შემზღუდველი რეპრესიული კანონები ნაწილი იმ მკვეთრი დაღმასვლისა პრესის თავისუფლების მხრივ, რასაც „ქართული ოცნება“ დაადგა“, — წერს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი და იქვე უთითებს, რომ ორგანიზაციამ ოფიციალურად მიმართა ანტიკორუფციულ ბიუროს კომენტარისთვის, თუმცა აქამდე პასუხი არ მიუღია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან