„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) ცნობით, 2025 წლის ივლის-აგვისტოში ყველა პარტიამ ჯამში 4,877,977 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 73% – 3,553,326 ლარი „ქართულმა ოცნებაზე“ მოდის.
ორგანიზაციის განცხადებით, კვლავ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს „ქართული ოცნების“ მსხვილი დონორების შესაძლო მონაწილეობა სისტემურ კორუფციაში, ვინაიდან მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2016 წლიდან თითქმის მილიარდი ლარის (997 მლნ) ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს.
შემოწირულებების სტატისტიკა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 1 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 4,877,977 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან ტრადიციულად ყველაზე მეტი 3,553,326 ლარი — „ქართულმა ოცნებამ“ (73%). მეორე და მესამე ადგილზე „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გავიდნენ.
„ქართული ოცნების“ შემომწირველების ანალიზი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანახმად, 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 106-მა პირმა 3,553,326 ლარი შესწირა, სულ „ქართული ოცნების“ ზემოაღნიშნულ დონორებს პარტიისთვის 8 მილიონ ლარზე მეტი აქვთ შეწირული.
ორგანიზაციის ცნობით, საანგარიშო პერიოდში „ქართულ ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებს 2016 წლიდან 997 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული, აქედან 273 მილიონი ლარის ღირებულების — 2024-2025 წლებში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, გარდა ტენდერებისა, „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებს 2016 წლიდან 14.9 მილიონი ლარის ოდენობის პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები აქვთ მიღებული, აქედან 1.4 მილიონი — 2024-2025 წლებში.
„სახელმწიფო შესყიდვების გარდა შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებს მიღებული აქვთ სხვადასხვა საბიუჯეტო სუბსიდია. სულ საანგარიშო პერიოდში „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ 19 კომპანიას ჰქონდა ასეთი სუბსიდია მიღებული ჯამური თანხით 8,2 მილიონი ლარი. იხილეთ ქვემოთ ცხრილში 2016-2024 წლებში „აწარმოე საქართველოს“, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის, სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავლის“ და სხვა საბიუჯეტო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული კომპანიების ჩამონათვალი “, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
„აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებული კომპანიების ფონზე, რადიკალურად განსხვავებული სურათია ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებაში. 2016 წლიდან ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 247 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგეს და 586 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას საბიუჯეტო სუბსიდია არ მიუღია“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.




