მარტო იმაზეა საუბარი, რომ მე მოვიყვან 100 ათას კაცს რუსთაველზე, 200 ათასიც ყოფილა რუსთაველზე და მის გარშემო, მაგრამ, ასე რევოლუცია არ ხდება – მე ვერ მივიღე სარწმუნო ახსნა იმისა, რატომ უნდა დავარქვა რევოლუცია
ვერ მოვისმინე ვერანაირი არგუმენტი იმისა, რომ რეალურად, რაღაც რევოლუცია იგეგმება. მაგრამ, რაც შეეხება პროტესტს, რა თქმა უნდა, მასშტაბურ პროტესტს მოველი და სრულად ვუჭერ მხარს, იმიტომ, რომ ყველა მოთხოვნა, რომელიც იქ გაჟღერდება, დარწმუნებული ვარ, არის აბსოლუტურად სამართლიანი, – ამის შესახებ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა, “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერს რევოლუცია ანონსდება, თუმცა, ამას უნდა მოჰყვებოდეს კონკრეტული ახსნა, ვინაიდან, აუცილებელია, იმის ცოდნა, თუ რას აპირებენ.
გოგოლაშვილის განმარტებით, რევოლუციას აქვს გარკვეული ნიშნები და განცხადებული მიზანი, ხოლო 4 ოქტომბერს დაანონსებული ხელისუფლების დამხობა, ეფემერული და ეიფორიულია, ვინაიდან, არ ჩანს დამხობის გზა.
“[რევოლუცია] ანონსდება, მაგრამ, ამას უნდა მოჰყვებოდეს კონკრეტული ახსნა, თუ რატომ უნდა დავარქვათ ამას რევოლუცია. აქ არ არის საუბარი, წინასწარ ვიღაც აანონსებს რევოლუციურ გეგმებს თუ არ აანონსებს. ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რას დაარქვან რევოლუცია და რას – არა. თუ არ არის არანაირი ნიშანი იმისა, რომ აქ იგეგმება რაღაც რევოლუცია, არ არის არანაირად მომწიფებული ეს საკითხი, დალაგებული და აწყობილი. აქ საკმარისი არ არის უბრალოდ რევოლუციური სულისკვეთება, ასევე, აუცილებელია ვიცოდეთ, კონკრეტულად რას ვაპირებთ, რა კეთდება ამათან დაკავშირებით და ამიტომ, მე ამას ვერ დავარქმევ რევოლუციას, იმიტომ, რომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ამის შემდეგ რაღაც მოხდება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არანაირი ისეთი გამწვავება არ იქნება, რომ მოხდეს შეჯახება პოლიციასთან, დაზარალდეს ვინმე, მოჰყვეს დრამატული შედეგები, მინდა აბსოლუტურად გამოირიცხოს ეს. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება ისეთივე დიდი პროტესტი, როგორებიც უამრავი გვინახავს საქართველოში.
რევოლუციას აქვს გარკვეული ნიშნები, მაგალითად, იგივე, რაღაც გაცხადებული, კონკრეტული მიზანი. რა აქვს მიზანი, დამხობა ხელისუფლების ხომ? ეს მიზანი არის ძალიან ეფემერული და ვიტყოდი, ეიფორიულიც, იმიტომ, რომ თუ არ მაჩვენებ დამხობის გზას, მაგალითად, რომ თქვა, მოვიყვან მილიონ კაცს და ისინი ფეხს არ მოიცვლიან რუსთაველიდან, მთელი თბილისი გაჩერდება, არც ერთი ქარხანა არ იმუშავებს, ყველანაირი ინსტიტუტი ჩამოიშლება, სახელმწიფო მოხელეები გამოვლენ და აღარ იმუშავებენ, ბანკები გაჩერდებიან, ტრამსპორტი გაჩერდება და ეს ყველაფერი მომზადებულია – ამას შეიძლება დაარქვა რევოლუცია და რევოლუციური მოლოდინი, ყოველ შემთხვევაში. მაგრამ, როცა არ არის არაფერზე ლაპარაკი და მარტო იმაზეა საუბარი, რომ მოვიყვან მე 100 ათას კაცს რუსთაველზე, 200 ათასიც ყოფილა რუსთაველზე და მის გარშემო, მაგრამ, ასე რევოლუცია არ ხდება. მე ვერ მივიღე სარწმუნო ახსნა იმისა, რატომ უნდა დავარქვა რევოლუცია. შორს არ არის ოთხი რიცხვი და დავინახავთ, რა არის ეს და შეიძლება თუ არა რევოლუციის დაანონსება და გაკეთება ყოველგვარი სხვა, რევოლუციისთვის აუცილებელი ატრიბუტების გარეშე.” – აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.
მისივე თქმით, დღის 4 საათზე აქციის დანიშვნა, როცა ჯერ კიდევ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, უკვე არჩვენებისთვის ხელის შეშლაა, თუნდაც იმ ოპოზიციური ამომრჩევლისთვის, ვისაც ხმის მიცემა სურს. ამასთან, გოგოლაშვილი შეცდომად მიიჩნევს იმ ადამიანების დემონიზებას, ვინც გადაწყვიტა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
“ჩემი აზრით, 4 საათზე [აქციის] დანიშნვა, როდესაც არჩევნები ჯერ არ იქნება დამთავრებული, ეს არის უკვე ხელის შეშლა, მათთვის, ვისაც უნდა არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა. შეიძლება ადამიანი არის “ნაციონალური მოძრაობის” ტრადიციული მხარდამჭერი, მაგრამ დაფიქრდა და თქვა, რომ მოდი, მაგალითად გახარიას მივცემ ხმას, მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს ეგ პარტია, ოპოზიციურია და იქნება რაღაცაში გამოგვადგეს. ამ დოს ეუბნებიან, რომ 4 საათზე მოდი და ვერ ასწრებს. ჯერ ერთი, პირველ რიგში ეს არის ხელის შეშლა. მეორე, ხელს უშლიან იმით, რომ საწინააღმდეგო ლოზუნგები და ათასგვარი დემონიზაციაა – “ყველა, ვინც არჩევნებზე მიდის მოღალატეა” და ა.შ. ეს არის დიდი შეცდომა,” – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
