ინგოროყვას და სულხან-საბას ქუჩების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 5 ტენდერი ჩავარდა
თბილისში პავლე ინგოროყვას და სულხან-საბას ქუჩების რეაბილიტაციისა და შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 8 ტენდერიდან 5 არ შედგა.
თბილისის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერების ჩავარდნის მიზეზი გახდა ის, რომ გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის სურვილი არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა.
„ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, არშემდგარი ტენდერების ჯამური სავარაუდო ღირებულება 76.3 მლნ ლარს აჭარბებდა.
უფრო კონკრეტულად, იმ ტენდერების ჩამონათვალი, რომელიც არ შედგა, ასე გამოიყურება:
1. ინგოროყვას N8, პავლე ინგოროყვას N10 და პეტრე ჩაიკოვსკის N2-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები – სავარაუდო ღირებულება 16 922 530 ლარი;
2. ინგოროყვას N7 (კოშკი), პავლე ინგოროყვას N12 და პავლე ინგოროყვას N14-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები – 7 974 908 ლარი;
3. ინგოროყვას N1/გ. ლეონიძის N9, პავლე ინგოროყვას N2/გ. ლეონიძის N11 და პავლე ინგოროყვას N4-ში შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია – 16 166 384 ლარი;
4. სულხან-საბას N5, სულხან-საბას N7 და სულხან-საბას N9-ში არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია – 13 280 818 ლარი;
5. სულხან-საბას N2/გ. ლეონიძის N7, სულხან-საბას N4 და სულხან-საბას N6-ში შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია – 22 021 298 ლარი.
აღსანიშნავია, რომ გამოცხადებული 8 ტენდერიდან ამ ეტაპზე ხელშეკრულება მხოლოდ ერთ შესყიდვაზეა დადებული, ერთ ტენდერში შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, მესამე შემთხვევაში კი შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულების დადების პროცესი ხორციელდება.
უფრო კონკრეტულად, ინგოროყვას და სულხან-საბას ქუჩებზე საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში შპს „პალიტრამ“ გაიმარჯვა, რომლის მესაკუთრეც თამაზ შილაკაძეა. კომპანია სამუშაოებს 4 570 728 ლარად შეასრულებს. ხელშეკრულება უკვე დადებულია.
ხელშეკრულების დადების პროცესი მიმდინარეობს შპს „ბილდკინგსთან“, რომელიც სულხან-საბას N1/გ. ლეონიძის N5 და სულხან-საბას N3-ში შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას 6 849 787 ლარად განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ შერჩევა/შეფასების პროცესი ხორციელდება ინგოროყვას N3 და N6-ში შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში. ამ შესყიდვაში მონაწილეობა მხოლოდ ზემოთ აღნიშნულმა „ბილდკინგსმა“ მიიღო. კომპანია სამუშაოების შესრულების საფასურად 11 620 266 ლარი აქვს შეთავაზებული.
ინფორმაციისთვის, „ბილდკინგსის“ წილების მფლობელები არიან ლაშა რუხაძე (40%), დავით კაპანაძე (20%) და ნელი კალაძე (40%).
შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე 24 სექტემბერს განაცხადა, რომ სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყებოდა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
