სუროგატი დედების თანხის მითვისებისთვის 1 პირი დააკავეს, კიდევ 1-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელსაც სუროგატი დედებისთვის განკუთვნილი თანხის მითვისებას ედავებიან.
გამოძიების ვერსიით, დაკავებული არის კომპანია “ქინდერლი ჯორჯიას” დირექტორი, რომელსაც მუშაობს როგორ შუამავალი სუროგატ დედებსა და ბიოლოგიურ მშობლებს შორის. მას ედავებიან იმ თანხის მითვისებას, რომლებიც ბიოლოგიურმა მშობლებმა სუროგატი დედების საცხოვრებელი და სამედიცინო ხარჯების, ასევე, ანაზღაურებისთვის გადაიხადეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს დაარსებული ჰქონდათ შპს “ქინდერლი ჯორჯია”, რომელიც წარმოადგენდა შუამავალ კომპანიას ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის. კერძოდ, ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით შპს “ქინდერლი ჯორჯია” ახდენდა სუროგატი დედების მოძიებას და მათთან დებდა ხელშეკრულებას ბიოლოგიური მშობლების სახელით, როგორც მათი წარმომადგენლები. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აღნიშნული შპს-ს სახელით, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისაგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხა და ნაცვლად იმისა, რომ ბიოლოგიური მშობლებისგან მიღებული თანხა გამოეყენებინათ სუროგატი დედების სამედიცინო და ყოველდღიური ხარჯებისთვის, ასევე ბინის ქირისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დასაფარად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ბიოლოგიური მშობლებისგან მიღებული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს”, – ვკითხულობთ -ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული სომხეთის მოქალაქეა. ამავე ბრალდებით ბრალი წარუდგინეს კიდევ ერთ პირს – უკრაინის მოქალაქეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და “დ” ქვეპუნქტით, ასევე, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებას. აღნიშული დანაშაული 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამ საქმეზე 2025 წლის თებერვლიდან მუშაობს ქალთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარი”. “ქინდერლი ჯორჯიას” სუროგატი დედების ინტერესებს ორგანიზაციის იურისტი, ნინო ანდრიაშვილი იცავს. “საფარში” მიიჩნევენ, რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ თანხის მითვისებასთან, არამედ ტრეფიკინგთან.
“ქინდერლის” დღემდე მოტყუებით ჩამოჰყავს მოწყვლადი ქალები ძირითადად შუა აზიიდან, დან და უკრაინიდან, სუროგაციით აჩენინებენ ბავშვებს და არ უხდიან ფულს! უფრო მეტიც, აშინებდნენ, ემუქრებოდნენ, საშინელ პირობებში ჰყავდათ, საშინელი ჯანმრთელობის პრობლემები უვითარდებათ და მერე ისე დევნიან ქვეყნიდან, რომ კომპენსაციაც ვერ მოითხოვონ და დავა არ გააგრძელონ. ჩვენ ჩავერთეთ თებერვალში: ჯერ რაღაც ქონების დაზიანების თუ სრულიად უაზრო მუხლით ძლივს დავაწყებინეთ გამოძიება შსს-ს. მერე ტრეფიკინგის საბჭომ ორ ქალს მისცა ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი და ამის მერე შეიცვალა გამოძიების მუხლი ძლივს. ამჯერად ეს დირექტორი დაკავებულია მხოლოდ 182 მუხლით, რაც გაფლანგვა და მითვისებაა. ცხადია, ეს არაა სწორი მუხლი, თუმცა ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე მივალთ. მანამდე კი ეს კაცი, რომელიც თვეებია თავისუფლად დადის და ტრეფიკინგისთვის ახალი ქალებიც ჩამოჰყავს, როგორც იქნა დააკავეს!!! კოლოსალური შრომა გასწია ნინო ანდრიაშვილმა, რომელიც თვეებია მარტო ადვოკატი კი არ არის ამ ათეულობით ქალისთვის, არამედ ყველაფერია”, – წერს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია.
ჯერ კიდევ აპრილში, “საფარი” აცხადებდა, რომ “ქინდერლი ჯორჯია” საქართველოში ჩამოყვანილ სუროგატ დედებს გაუსაძლის პირობებში აცხოვრებდა. ისინი ამ ქალებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და მათ სახელმწიფო თავშესაფარში გადაყვანს ითხოვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი – ვახტანგ ფიცხელაური სასამართლოს მიაწოდებს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან დაკავშირებით

პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებისთვის გზის გახსნისკენ მოწოდების შემდეგ, მომიტინგეთა იმ ნაწილმაც, რომელსაც მანამდე ტროტუარი ეკავა, გზაზე გადაინაცვლა, პოლიციამ კი ტერიტორია დატოვა – ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია