ანა ბუჩუკური გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებისთვის პატიმრობის შეფარდებაზე – ეს არის ერთგვარად მძევლად აყვანა, ეს არის შანტაჟი და ზეწოლის განხორციელების მცდელობა პატიმრობაში მყოფ ბაჩიაშვილზე

მშობლებისთვის პატიმრობის შეფარდება არის პატიმრობაში მყოფი ბაჩიაშვილის შანტაჟი და ზეწოლის განხორციელების მცდელობა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
ანა ბუჩუკურის თქმით, სახელმწიფო ემსახურება ერთი ადამიანის, ს ინტერესს და ბაჩიაშვილის „ქეისი“ამის თვალნათელი მაგალითია.
„ეს არის მაგალითი ერთი ადამიანის ინტერესზე მთლიანი სახელმწიფო სისტემის მორგების. ეს არის დღეს ყველაზე დიდი პრობლემა. მაშინ, როდესაც საქმე ეხება რიგით მოქალაქეს და რიგითი მოქალაქის ინტერესების დაცვას, აბსოლუტურად უძლურია ადამიანი სახელმწიფოსთან, მაგრამ კონკრეტულად ერთი ადამიანის ინტერესს რომ უკავშირდება, ბიძინა ივანიშვილზე მაქვს საუბარი, მერე უკვე მთელი სისტემა ემსახურება. როდესაც ფულს სჭირდება ხოლმე დაცვა, გამოლაგდებიან ხოლმე მთლიანი რგოლი და სახელმწიფო ემსახურება ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესს. ბაჩიაშვილის „ქეისი” არის ამის თვალნათელი მაგალითი. [მშობლებისთვის პატიმრობის შეფარდება] ეს არის ერთგვარად მძევლად აყვანა, ეს არის შანტაჟი და ზეწოლის განხორციელების მცდელობა პატიმრობაში მყოფ ბაჩიაშვილზე“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
რაც შეეხება ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების კორუფციის ბრალდებით დაკავებას, ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ ეს „პატარა ლიფსიტების სადამსჯელო პროცესია“ და რეალურად კორუფციის სათავეში მყოფი ადამიანები უფრო ძლიერდებიან.
„ცდილობენ რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებები შეფუთონ, თითქოს კორუფციას ებრძვიან, მაგრამ სინამდვილეში, კორუფციას რომ ებრძოდნენ, არ იქნებოდა დასახელებული თბილისის მერობის კანდიდატად. ის ადამიანები, ვინც დააკავეს, ჩათვალეთ რომ არიან ლიფსიტები იმასთან შედარებით, რა კორუფციული სქემებიც ახლა არის ქვეყანაში. კორუფციული სისტემის თავში მყოფ ადამიანებს, არა თუ სჯიან და პასუხისმგებლობას აკისრებენ, არამედ ხდება მათი გაძლიერება“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. საქართველოს პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით.
ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.