უკრაინელმა სპეციალისტებმა დანიაში განლაგება დაიწყეს, სადაც ისინი ევროპელ პარტნიორებს დრონების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას გაუზიარებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენმა სპეციალისტთა ჯგუფმა დაიწყო მისიის განლაგება დანიაში, რათა გაუზიარონ უკრაინის გამოცდილება დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენი ბიჭები ჩავიდნენ პარტნიორებთან ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, რაც, შეიძლება, რუსული და ნებისმიერი სხვა დრონების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სისტემისთვის საფუძველი გახდეს“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინის გამოცდილება ამჟამად ევროპაში ყველაზე აქტუალურია.
„სწორედ ჩვენი გამოცდილება, ჩვენი სპეციალისტები და ჩვენი ტექნოლოგიები შეიძლება გახდეს მომავალი ევროპული „დრონების კედლის“ – მასშტაბური პროექტის მთავარი ელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ცაში“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, თავდაცვის მინისტრსა და ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს დაავალა, რომ სწრაფად ითანამშრომლონ ყველა ევროპელ პარტნიორთან, რომელსაც შეუძლია დრონების საწინააღმდეგო სისტემის განთავსება.
„დანიაში მისიის შედეგები შექმნის შესაბამის ჩარჩოს სხვა ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის“, – წერს ზელენსკი.
