გელა ხასაია არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი – შსს ზეპირსიტყვიერი განცხადების გარდა ვერაფერს ავრცელებს, დანაშაულიც ვერ „შეკერეს“, რაც მათ ქაოსურ პანიკურ მდგომარეობაზე მიუთითებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, ნიკა
ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მისი თანაპარტიელის, გელა ხასაიას დაკავებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, იმ მუხლით, რითაც გელა ხასაიაა დაკავებული, არ აკავებენ რეალურ დამნაშავეებს, მაგალითად, მათ, ვინც „კალაძის შტაბიდან გამოვარდნენ და ადამიანებზე, ქალებზე, გოგოებზე ფიზიკურად იძალადეს“.
როგორც ფარულავამ აღნიშნა, „სინამდვილეში ამას რეჟიმი შიშის დასანერგად აკეთებს“.
„ხომ შეგპირდი, რომ დაგაკავებდი სისხლის სამართლებრივი წესით?“ – ეს არის სიტყვები, რომელიც უთხრა გუშინ მილიციელმა და არა პოლიციელმა ჩვენს უკანონოდ გატაცებულ და ამ დრომდე პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფ თანაგუნდელ გელა ხასაიას. ეს სიტყვები და ზოგადად, გელას წინააღმდეგ მიმართული ის რეპრესიები, რასაც წლების განმავლობაში ვუყურებდით, ის, რომ გელას მიმართ ხორციელდებოდა აქტიური დისკრედიტაციის კამპანია და ზოგადად, ის რომ გელა, ადამიანი, რომელიც ბოლო წლებში, ბოლო თვეებში განსაკუთრებით აქტიურად აჟღერებს პოლიტიკური პატიმრების, მათი ოჯახის სათქმელს, ეს ყველაფერი ერთ პაკეტში მიუთითებს იმაზე, რომ გელა დღეს არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი.
ყველა მსგავსი დაკავება, ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ზეპირსიტყვიერი განცხადების გარდა ვერაფერს ავრცელებს, მათ შორის, ე.წ. დანაშაულის კადრებს და ა.შ., ის, რომ დანაშაულიც ვერ „შეკერეს“, მიუთითებს მათ ქაოსურ პანიკურ მდგომარეობაზე. ეს პანიკური მდგომარეობა უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისთვის და საბოლოო ჯამში, ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობის მანკიერი პრაქტიკის დასრულებისთვის“, – განაცხადა ფარულავამ.
