მარტივია: ნაქურდალის ლეგალიზაცია-რეალიზაციაში დახმარება არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული, ამიტომ, ბაჩიაშვილის ოჯახი იქნება ეს თუ სხვა, ყველას თანაბრად ეხება, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლები მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ფაქტი შეაფასა.
ქადაგიშვილის თქმით, „როდესაც შენს შვილს საუკეთესო პირობებს შეუქმნიან განვითარებისთვის და შემდეგ იმ დანაშაულს ჩაიდენს, რაც ჩაიდინა, ბუნებრივია, რომ პასუხისმგებლობა დგება“.
„კარგი იქნება, ყველამ თავის თავში დაინახოს ხოლმე პრობლემის სათავე. როდესაც შენს შვილს წაიყვანენ, საუკეთესო პირობებს შეუქმნიან განვითარებისათვის, ბიზნესის ერთობლივად კეთების უფლებას მისცემენ და შემდეგ, შენი შვილი ჩაიდენს იმ დანაშაულს, რა დანაშაულიც ჩაიდინა – ეს ხომ ჩემი მონაყოლი არ არის, სასამართლოს ორი ინსტანციით დადასტურებული ფაქტია – ვინც ჩააცვა, იმის გახდას რომ მოინდომებს, როგორც ცნობილ ქართულ რომანშია აღწერილი, შემდეგ, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა დგება.
რა თქმა უნდა, დედისთვის თავისი შვილის პასუხისმგებლობის გაზიარება მძიმეა, მაგრამ, ეს ის რეალობაა, რომელიც სამწუხაროდ, შვილმა მოუტანა თავის მშობლებს და კანონი ამ შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ ყველას თანაბრად ეხება. მარტივია: ნაქურდალის ლეგალიზაცია-რეალიზაციაში დახმარება არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული, ამიტომ, ბაჩიაშვილის ოჯახი იქნება ეს თუ სხვა, ყველას თანაბრად ეხება“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად “აუცილებელ მოქმედებებში” გიორგი ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლებიც ჩართო.
კერძოდ, პროკურატურის ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით.
ორივე პირის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
