ირაკლი ჩომახაშვილი – გელა ხასაია დანაშაულს არ აღიარებს, წარმოდგენა არ აქვს, საერთოდ რა დანაშაულზეა საუბარი – დაკავებისას ერთ-ერთი პოლიციელი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა

გელა ხასაია დანაშაულს არ აღიარებს – საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა დანაშაულზეა საუბარი – დაკავებისას ერთ-ერთი პოლიციელი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, – ამის შესახებ დაკავებული „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გელა ხასაიას ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი პოლიციელი გელა ხასაიას დაკავებისას ეუბნებოდა, „როგორც საბა სხვიტარიძე დავაკავეთ, ისე დაგაკავე შენცო“.
„ის არ აღიარებს დანაშაულს. საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა დანაშაულზეა საუბარი. ჩვენ დაველოდებით ამ თვალსაზრისით საქმის მასალებს და უფრო დეტალურად, ჩვენ პოზიციას უკვე საქმის დეტალებზე მერე მოგახსენებთ. ამ ეტაპზე დანაშაულზე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ დანაშაულს გელა ხასაიას მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება დაკავებას, გელა აცხადებს, რომ მასზე ერთ-ერთი პოლიციელი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, რაზეც თავად დეტალურად ისაუბრებს სასამართლოში. სხვადასხვა სიტყვებს ეუბნებოდა, მათ შორის, ერთ-ერთ ჩემ დაცვის ქვეშ მყოფზე, საბა სხვიტარიძეზე ეუბნებოდა, „როგორც საბა დავაკავეთ ისე დაგაკავე შენცო“. პატარა ადამიანის სიტყვებია დაკავებულ ადამიანზე ასეთი რამის განხორციელება. ზოგადად, პატარა ადამიანებს სჩვევიათ ასეთი რამ, რომ მოწყვლად ადამიანებზე, რომლებიც დაკავებულები არიან, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენენ. ამ ადამიანის სახელს და გვარს აუცილებლად გავარკვევ და სასამართლოზეც მოვიწვევ,“ – განაცხადა ჩომახაშვილმა.