ნუ ხარ ცუდ ხასიათზე, – ამ სიტყვებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ სხდომათა დარბაზში მყოფ მეუღლეს, ნინო მიქაუტაძეს მიმართა.
„გადასარევ ხასიათზე ვარ, ამ დღეზე ვოცნებობდი”,- მიმართა მას ნინო მიქაუტაძემ.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ სხდომათა დარბაზში მყოფ პირებს მიმართა, რომელთაგანაც ერთ-ერთმა ფოტო გადაიღო. მან განმარტა, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრებს მისცა საშუალება, მიქაუტაძეს მისალმებოდნენ, ამით კი დამსწრეებს ბოროტად არ უნდა ესარგებლათ.
„მთავარი მაინც მე ვარ და მე გიხდით მადლობას”,- მიმართა მას მიქაუტაძემ.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.
ასევე, დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
მოსამართლე ლელა კალიჩენკოს მიერ დაკავებულისთვის მისი უფლებების განმარტებისას გახდა ცნობილი, რომ მიქაუტაძეს 9 ბრალდება აქვს წაყენებული.
ამასთან, მოსამართლის კითხვაზე, სცნობდა თუ არა ის თავს დამნაშავედ, მიქაუტაძემ უპასუხა, რომ ის “თავს დამნაშავედ არ ცნობს”.




