თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე – დედამისი ამბობს, ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, ივანიშვილის ახლობელი იყოო – ახლობლების ძარცვა დასაშვებია? – ვიღაცას ადრე 2 გრამი ჰეროინი ჩაუდეს, მაგრამ გაგიგიათ, რამდენიმე მილიონი ჩაგიდონ ჯიბეში?

დედამისი ამბობს, რომ ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგან ს ახლობელი იყოო – დაიცა, რაიმე ახალი კანონი და სამართლებრივი მიდგომაა, რომ ახლობლების ძარცვა დასაშვებია? ჯერ რა ახლობელია ადამიანს ასობით მილიონს რომ მოჰპარავს?! – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფაქტს, რომ პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
მისი თქმით, “ვინც ენას აჭარტალებს, რომ პროკურატურამ ეს ბრალი გამოიგონა, ან უნდა დაასაბუთოს, ან კეთილი ინებოს და ვინც დააშავა, პასუხი აგოს კანონის წინაშე”.
„შანტაჟი არის თუ თქვენ ვინმეს მშობელს დაემუქრებით, რომ თუ თქვენი შვილი ამას და ამას არ გააკეთებს, მე თქვენ სამსახურიდან გაგაგდებთო. მაგრამ თუ კონკრეტულ ადამიანს ძარცვაში და აფიორაში მონაწილეობის შესახებ წაუყენებენ ბრალს, ეს შანტაჟი არ არის. მაშინ უნდა მითხრათ, რომ იმ მილიონზე მეტის მითვისების სქემაში მონაწილეობა ამ ქალს არ მიუღია და თქვენ გაქვთ მტკიცებულება, რომ ეს [ბრალი] შეთხზულია…
მე ადრე გამიგია, რომ ვიღაცას ადრე 2 გრამი ჰეროინი ჩაუდეს და ისე დააპატიმრეს, მაგრამ თქვენ გაგიგიათ, რომ რამდენიმე მილიონი ჩაგიდონ ჯიბეში და ისე დაგაპატიმრონ? მათთვის ბრალის წაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს? ვინც ენას აჭარტალებს, რომ პროკურატურამ ეს ბრალი გამოიგონა, ან უნდა დაასაბუთოს და ან კეთილი ინებოს და ვინც დააშავა, პასუხი აგოს კანონის წინაშე”, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
შარმანაშვილის თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობს, მათ შორის, მშობელმა, პასუხი უნდა აგოს.
„დედამისი ამბობს, რომ ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგან ბიძინა ივანიშვილის ახლობელი იყოო. დაიცა, რაიმე ახალი კანონი და სამართლებრივი მიდგომაა რომ ახლობლების ძარცვა დასაშვებია? ჯერ რა ახლობელია ადამიანს ასობით მილიონს რომ მოჰპარავს, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ საერთოდ დასაშვები ფორმაა და ამის გამართლება უნდა ვინმეს? რა საზოგადოებაში ვაპირებთ ცხოვრებას? ბიძინა ივანიშვილი ან ვინმე პიროვნება კი არ პატიობს ან არ პატიობს – კანონი არ პატიობს ასეთ საქციელს, რაც ყველამ უნდა შეიგნოს”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად “აუცილებელ მოქმედებებში” გიორგი ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლებიც ჩართო.
კერძოდ, პროკურატურის ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით.
ორივე პირის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს