წუხელ, გვიან ღამით, პოლიციამ დააკავა პოლიტიკური პარტიის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ („კოალიცია ცვლილებისთვის“) წევრი, აქტივისტი გელა ხასაია, – სავარაუდოდ, სისხლის სამართლის წესით.
მისი მეგობარი შუშანა მაცაბერიძე აქვეყნებს ვიდეოს, გვიან ღამით როგორ უჭერენ მხარს ხასაიას დიღმის მესამე სამმართველოსთან შეკრებილი დემონსტრანტები და მას ამხნევებენ.
რადიო თავისუფლება შსს-სთან არკვევს ხასაიას დაკავების საფუძველს.
გელა ხასაია არის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, რომელიც წარსულში ადმინისტრაციული წესით არაერთხელ დაუკავებიათ.
ადვოკატი ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ხასაიას დაკავება დაკავშირებულია პირველ სექტემბერს სადგურის მოედანზე მომხდარ კონფლიქტთან, – რომელსაც, მისი თქმით, გელა ხასაია შეესწრო, თუმცა მასთან არაფერი აკავშირებს.
ამ კოალიციის ყველა ლიდერი – ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია – დაპატიმრებულია.
ომარ ფურცელაძის თანახმად, გელა ხასაიას გადმოცემით, მას დაკავების შემდეგ, პოლიციის სამმართველოში კომუნიკაცია მოუწია ყველა იმ პოლიციელთან, რომლებიც ყოფილან აქციებზე, როგორც შსს-ის წარმომადგენლები:
„მათ შორის, ცალკეული პოლიციელების მხრიდან გელა ხასაიას პირადად მიუღია მუქარა, რომ მას დააკავებდნენ და დააკავებდნენ არაადმინისტრაციული მუხლით“, – ამბობს ადვოკატი ვიდეოში, რომელიც პარტიიდან რადიო თავისუფლებას მიაწოდეს.
ინფორმაცია განახლდება.
ფორუმი
