ახალი პროექტის “კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” – პირველი წიგნი ცნობილია

15 იანვრიდან შესაძლებლობა გაქვთ, წინასწარ ონლაინ შეუკვეთოთ ყველა დროის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების სერიის ,,50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ გაგრძელება ,,კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“. სერიის პირველი წიგნი უკვე ცნობილია. ეს გახლავთ ანე ფრანკის “უკანა სახლი (დღიური წერილების სახით)”, რომელიც 30 000-ზე მეტმა ადამიანმა შეარჩია.
გამოცემა წიგნის მაღაზიის თაროებზე 19 თებერვლიდან გამოჩნდება, თუმცა მანამდე შანსი გაქვთ, რომ ის ექსკლუზიურად, სტამბიდან პირდაპირ თქვენი წიგნის თაროზე აღმოჩნდეს. დაიწყეთ თანამედროვე მკითხველის ბიბლიოთეკის შევსება ონლაინ და წიგნს სასურველ მისამართზე მოგიტანენ.
და ეს ყველაფერი არ არის. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ განსაკუთრებული სიურპრიზი მოუმზადა მათ, ვინც წიგნს წინასწარ ონლაინ შეიძენს. წინასწარი შეძენის შემთხვევაში საჩუქრად მიიღებთ ორ მოსაწვევს სერიის პრეზენტაციის დახურულ ღონისძიებაზე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.
ანე ფრანკის “უკანა სახლი (დღიური წერილების სახით)” არის ნაწარმოები, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აქტუალობას არ კარგავს და ის მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა ნათარგმნი. თუმცა მნიშვნელოვანია ის საკითხიც, რომ „პალიტრა L-ის“ ეს გამოცემა განსაკუთრებულია და ქართველი მკითხველისთვის გარკვეულწილად სიახლეცაა. მის შესახებ თავად გამომცემლობის მთავარი რედაქტორი გვესაუბრება.
„თითქმის რვა ათეული წელი გავიდა იმ დღიდან, რაც წიგნად გამოიცა და ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა ფაშიზმის მილიონთაგან ერთი მსხვერპლის, 15 წლის ებრაელი გოგონას სულისშემძვრელი ამბავი. ამ წლების განმავლობაში წიგნი ითარგმნა მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე და მისი მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. დაახლოებით სამოცი წლის წინ წიგნს გაეცნო ქართულენოვანი მკითხველიც და მას შემდეგ არ დაუკარგავს მისდამი ინტერესი. თუმცა არის გარკვეული გარემოები, რომელთა გამოც ჩვენს ახალ გამოცემას შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ განსაკუთრებული. საქმე ის არის, რომ „ანე ფრანკის დღიურის“ სახელით ცნობილი გამოცემა, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ითარგმნა ქართულად, ეფუძნება ოტო ფრანკის, დღიურის ავტორი გოგონას მამის, მიერ გამოსაცემად მომზადებულ შემოკლებულ ვერსიას. მამის მიერ ტექსტის შემოკლებას ჰქონდა მორალურ-ეთიკური მიზეზები – ოტო ფრანკი ფიქრობდა, რომ ზოგიერთი ჩანაწერი, რომლებშიც მისი მოზარდი ქალიშვილი საკმაოდ ხისტად ეხებოდა კონკრეტულ ადამიანებს, გულახდილად მსჯელობდა ინტიმურ თემებზე და ა.შ., უხერხული და შეუფერებელი იქნებოდა. შესაბამისად, მკითხველამდე მივიდა უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტური მასალა, თუმცა არა სრული და ავთენტური სახით. სწორედ ეს ტექსტი ითარგმნა ქართულად და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ითარგმნა თარგმანიდან. სწორედ ამით აიხსნება ჩანაწერების ავტორი გოგონას სახელის შეცვლილი ვერსიის დამკვიდრებაც. Anneliese Marie Frank – ასე ერქვა გოგონას, რომელიც ამსტერდამის ერთ-ერთი სახლის საიდუმლო ნაწილში თავის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ორ წელიწადზე მეტხანს ემალებოდა ფაშისტების დევნას და საბოლოოდ მაინც ვერ დააღწია თავი,“ – განმარტავს „პალიტრა L-ის“ მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური.
მისივე თქმით, 1980-იანი წლებიდან ჩანაწერების ცხოვრება, შეიძლება ითქვას, თავიდან დაიწყო. ბაზელში მდებარე ანე ფრანკის ფონდმა, რომელსაც ოტო ფრანკმა თავისი ქალიშვილის საავტორო უფლებები უანდერძა, გადაწყვიტა, მის ხელთ არსებული ტექსტების სრული ვარიანტი გამოექვეყნებინა. ეს სამუშაო დაევალა მწერალსა და მთარგმნელს მირიამ პრესლერს. მისი რედაქცია, რომელიც ანე ფრანკის ფონდმა მოიწონა, ძველ ვარიანტზე მეოთხედით მეტი გამოვიდა და, შესაბამისად, მკითხველს საშუალება მიეცა, უფრო ღრმად ჩაეხედა ანე ფრანკის სამყაროში. ამ ვერსიის ქართველ მკითხველამდე მოტანაზე იზრუნა და ძალიან დიდი ღვაწლი დასდო ცნობილმა ბელგიელმა ლიტერატორმა, ქართული ლიტერატურის დიდმა გულშემატკივარმა და მოამაგემ, ინგრიდ დეხრავემ, რომლის მონდომებითაც 2012 წელს ქართულად, პირველად დედნიდან, ნიდერლანდური ენიდან ითარგმნა ანეს ჩანაწერების სრული დაზუსტებული და შევსებული ვერსია, რომლის სახელწოდებაც არის „უკანა სახლი – დღიური ჩანაწერების სახით“.
“ეს თარგმანი, რომელიც შეასრულა ნიდერლანდური ენიდან საუკეთესო მთარგმნელმა დავით ღოლიჯაშვილმა, მალე გამოიცა კიდეც, თუმცა ძალიან მცირე ტირაჟით. ასე რომ, ახლა პირველად შეიქმნა იმის შესაძლებლობა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი წიგნი, ფაშიზმის ბოროტების ამსახველი ყველაზე გულწრფელი და შთამბეჭდავი ამბავი, ქართველმა მკითხველმაც შეუზღუდავად გაიცნოს. გარდა ამისა, გვინდა, რომ ავტორსაც „დაუბრუნდეს“ თავისი სახელი სწორი ფორმით და წიგნს სწორედ ამიტომ აწერია „ანე ფრანკი“. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვთქვი, რომ ეს განსაკუთრებული გამოცემაა,“ – დაამატა მაია ალუდაურმა.
ანე ფრანკის ჩანაწერები იმდენად უშუალო, გულწრფელი და რეალისტურია, იმდენად კარგად ასახავს პერიოდის ყოფას, რომ ის მართლაც წარუშლელ, განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. ეს უმნიშვნელოვანესი წიგნია ომის, სისასტიკის და ამ ყველაფერთან ერთად მცხოვრები ადამიანების შესახებ. და ის ნამდვილად არის ის წიგნი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს. სწორედ ამიტომ პატარა გოგონას ჩანაწერები არ კარგავს აქტუალობასა და ქართველი მკითხველის სიყვარულს. ის საზოგადოების მაღალი აქტივობის შედეგად შეირჩა, როგორც თანამედროვე ბიბლიოთეკის ერთ-ერთი გამორჩეული და ახალი სერიის პირველი წიგნი.
„50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ პროექტის გამოცდილებიდან გამოდმინარე 15 წლის შემდეგ ახალი პროექტის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი თანამედროვე მკითხველის ლიტერატურული სურვილებისა და ინტერესების გარკვევაც იყო – საინტერესოდ მივიჩნიეთ იმის გაგება, თუ რას კითხულობს ან რისი წაკითხვა უნდა მკითხველს. ამ თხუთმეტ წელიწადში შეიცვალა თაობა, გადაფასდა პრიორიტეტები და ცხადია, ამ ცვლილებასთან ერთად მკითხველის გემოვნება და ქცევაც შეცვლილია. შეიცვალა მკითხველის გამოკითხვის ფორმებიც. ახალმა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა საშუალება მოგვცა გამოკითხვის 90% ონლაინ სერვისებით განგვეხორციელებინა. მკითხველს კონრკეტული ავტორისა და ტექსტის დასახელების გარდა, შესაძლებლობა ჰქონდა გამოეხატა საკუთარი აზრი და დაესაბუთებინა თავის არჩევანის მართებულობა. უკვე მერვე თვეა მიმდინარეობს გამოკითხვა და გარკვეული შედეგები უკვე გვაქვს: მკითხველის ხმათა უმრავლესობით შეარჩია პირველი წიგნი და, დარწმუნებული ვარ, მკითხველის აქტიურობითა და ჩართულობით პროცესი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, რაც საბოლოოდ საინტერესო წიგნების შერჩევისა და გამოცემის შესაძლებლობას მოგვცემს,“ – განმარტავს “პალიტრა ჰოლდინგის” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ გიორგაძე.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველოში ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიტერატურული პროექტია, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L”-მა, წლების წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად განახორციელა. 50 რჩეული წიგნი სწორედ ქართველმა მკითხველმა შეარჩია. 15 წლის შემდეგ, გამომცემლობამ გადაწყვიტა, სერიას კიდევ 15 წიგნი შემატოს, რისთვისაც კვლავ გამოკითხვა ჩაატარა. მასში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა უკვე მიიღო. ხმის მიცემა რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა გზით მიმდინარეობდა. ახლა კი უკვე შესაძლებლობა გაქვთ სერიის პირველი წიგნი პირდაპირ სტამბიდან მიიღოთ და დახურულ ღონისძიებაზე დასასწრები მოსაწვევითაც დასაჩუქრდეთ. წიგნის წინასწარ, ონლაინ შეკვეთას 15 იანვრიდან შეძლებთ. თვის ბოლოს კი მას სასურველ მისამართზე მიიღებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ წიგნების რაოდენობა ლიმიტირებულია. წიგნის მაღაზიებში კი მისი გაყიდვა 19 თებერვალს დაიწყება.
(R)