ხშირად გაიგონებთ, რომ ტემპერატურის ვარდნა აკუმულატორებზე უარყოფითად აისახება. ეს მხოლოდ სტერეოტიპი არაა. აცივება აკუმულატორის სიმძლავრის შემცირებას იწვევს. სეზონის ცვლილებასთან ერთად გვიწევს, რომ ავტომობილიც შესაბამისად მოვამზადოთ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი აკუმულატორი ამ ზამთარს ვერ გაგიძლებთ, გაეცანით რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, ნამდვილად არის, თუ არა გამოსაცვლელი.
ავტომობილი დაქოქვას ჩვეულებრივზე მეტ დროს ანდომებს
თუ ამჩნევთ, რომ ავტომობილი დაქოქვას ჩვეულებრივთან შედარებით მეტ დროს ანდომებს, ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ აკუმულატორი გამოსაცვლელია. ხშირად ამას თან ახლავს რახრახი. თუ აკუმულატორი მსგავს ხმას გამოსცემს, ესეც მომასწავებელია, რომ სიმძლავრე არ ჰყოფნის. იმის გათვალისწინებით, რომ ზამთარში მისი სიმძლავრე კიდევ უფრო შემცირდება, აჯობებს, დროულად გამოცვალოთ, რათა უსიამოვნო სიურპრიზი არ შეგემთხვათ.
შეიძინეთ თანამედროვე, მძლავრი და ხარისხიანი აკუმულატორი ონლაინ
თუ თქვენი მანქანის აკუმულატორს უკვე რამდენჯერმე დასჭირდა დამუხტვა, დიდი შანსია, რომ ზამთარში მისი გამოცვლა დაგჭირდებათ. სანამ ფაქტის წინაშე აღმოჩნდებით, აჯობებს, წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი. ფუნქციური აკუმულატორი ავტომობილის გადაადგილებისას თავადვე ახერხებს გადატვირთვას. თუ ასე არ ხდება და ხშირად საჭიროებს დამუხტვას, ეს კარგის ნიშანი არაა.
თანამედროვე ავტომობილების უმეტესობას აქვს ფუნქცია, იმ შემთხვევაში, თუ აკუმულატორი სათანადოდ არ იტენება, შეგვატყობინოს. ასეთ დროს შეამჩნევთ ელემენტის ნიშანს, რომელიც ციმციმებს. თუკი ამ ნიშანს დაინახავთ, არ გადადოთ, რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანეთ ავტომობილი შესამოწმებლად.
ხშირად, როცა აკუმულატორს პრობლემა აქვს, ეს ავტომობილის ელექტრონულ სისტემაზეც აისახება. შიდა სალონის განათებასა და ფარებს სიმძლავრე არ ჰყოფნით და სუსტია; რადიო ხარვეზებით მუშაობს – ეს ნიშნავს, რომ აკუმულატორი გამოსაცვლელია. გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ავტომობილი გამორთულ მდგომარეობაშია, ფარები დიდ ხანს არ დატოვოთ ანთებული. ეს აზიანებს აკუმულატორს.
თუ აკუმულატორი ჟონავს ან მის გარშემო კოროზიაა დაწყებული, ეს არის ნიშანი, რომ ცოტა ხანში უფუნქციო გახდება. იგივე შეიძლება ითქვას, გადახურებულ აკუმულატორზეც. ასეთ შემთხვევებში, აჯობებს, მალე იზრუნოთ შემცვლელის მოძიებაზე.
თუ თქვენმა აკუმულატორმა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე გამოავლინა, პირველ რიგში, აუცილებლად აჩვენეთ სპეციალისტს. თუ უკვე სამ წელზე მეტია, რაც გაქვთ და პრობლემები ახლა დაეწყო, სავარაუდოდ, გამოსაცვლელია.
იმისთვის, რომ აკუმულატორმა დიდ ხანს გაძლოს, მას სათანადოდ უნდა მოუაროთ. ნუ დატოვებთ ავტომობილს დიდი დროის განმავლობაში უფუნქციოდ. თუ სადმე მიემგზავრებით, ახლობელს შეგიძლიათ სთხოვოთ, რომ პერიოდულად დაქოქოს ან შედარებით თბილ ადგილას დატოვეთ, სადაც ოპტიმალური ტემპერატურა იქნება.




